ფლორიდის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის კვლევების ცენტრმა შექმნა სპეციალზირებული რობოტი, რომელიც მარწყვის კრეფისთვისაა განკუთვნილი. როგორც ტელეკომპანია WDBO იუწყება, ავტონომიურად მოძრავი აპარატი სახელწოდებით Berry დიზელის აგრეგატზე მუშაობს.
ის აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერებით, რათა მარწყვი ფოთლებში კარგად მოძებნოს. ასევე აღჭურვილია ძლიერი კომპიუტერით, 16 ეფექტორით, რომლებიც რბილი პლასტიკისგანაა შემქნილი და რომელთა საშუალებითაც ხდება მარწყვის მოკრეფა, შემდგომ კი მისი ბუნკერში ტრანსპორტირება. რობოტს მოსავლის აღება ერთდროულად 8 ნერგიდან შეუძლია.
კიდევ ერთი თვითმავალი აპარატი, სახელწოდებით Thorvald-ი, რომელიც ელემენტებზე მუშაობს, უკვე მარწყვის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი, ის ულტრაიისფერი სხივით ამუშავებს ნერგებს, რათა დაიცვას ისინი სხვადასხვა დაავადებებისგან. აღსანიშნავია, რომ ადრე მსგავსი რობოტები მხოლოდ სასათბურე პირობებში გამოიყენებოდა, ახლა კი მათი ექსპლუატაცია ხდება დიდ ფერმაში.
ამ რობოტების შესაქმნელად ამერიკის ეროვნულმა სასწავლო ფონდმა 2016 წელს გამოყო 1 მილიონი დოლარის გრანტი. მცირე ბიზნესში ინოვაციების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მოსავლის ამღებებზე ამერიკაში ფერმერები მილიარდობით დოლარს იხდიან, ამიტომ მათი ინტერესი მექნიკური საშუალებებისადმი სულ უფრო მზარდია.