„საქართველოს კონკურენციის სააგენტო“ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გასული წელს, სააგენტო 6 სასაქონლო/მომსახურების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა.
კერძოდ, ესენია: 1) საავტომობილო საწვავისა და გაზის ბაზრის მონიტორინგი; 2) ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი; 3) სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის ბაზრის მონიტორინგი; 4) ავტო-დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი; 5) ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; 6) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი.
ანგარიშის მიხედვით, სააგენტომ 5 ბაზრის მოკვლევა გასულ წელსვე დაასრულა.
რაც შეეხება ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარს, უწყებას შედეგი ჯერ არ აქვს და როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავენ, კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული ბაზრის მოკვლევა.
„ამ ეტაპზე „საქართველოს კონკურენციის სააგენტო“ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს მიღებული შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი", -აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა, რამდენადაც კეთდებოდა შეფასებები, რომ შესაძლოა, ფასის მატება არაჯანსაღი კონკურენციით ყოფილიყო გამოწვეული.