რამდენი უნდა იყოს რეალური საარსებო მინიმუმი?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გასული თვის მონაცემებით დადგინდა, რომ ერთი ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის თვიდან თვემდე არსებობისთვის 181 ლარი და 20 თეთრია საკმარისი. კიდევ უფრო ნაკლები თანხით (160,5 ლარი) შეუძლია თავის გატანა საშუალო მომხმარებელს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 3-4 წევრისგან შედგება, თვეში 288,9-321 ლარია. აღნიშნულ გაანგარიშებას არ იზიარებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. როგორც ის "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ხარჯების პროპორცია უნდა იყოს 50/50-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 330 ლარია და არა 181 ლარი.

"რა თქმა უნდა, ხელისუფლება უფრო ყინჩად დაიჭერს თავს, თუ ღარიბთა რაოდენობა ოფიციალურად, ქაღალდზე, ნაკლები დაფიქსირდება და სათქმელიც ექნება, რომ მისი პოლიტიკის წყალობით სიღარიბე შემცირდა. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ხარჯების პროპორცია უნდა იყოს 50/50-ზე, ანუ საარსებო მინიმუმში ნახევარი უნდა ეთმობოდეს სურსათს, მეორე ნახევარი კი სხვა ხარჯებს. თუ ამ მიდგომით დავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 330 ლარია, ნაცვლად ახლანდელი 181 ლარისა",-აცხადებს სოსო არჩვაძე.