საქართველოს მასშტაბით უკვე 300-მდე სერტიფიცირებული გიდია.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ქეთევან მელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არასერტიფიცირებული გიდების საქმიანობის აკრძალვაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, კვალიფიკაციის ამაღლება მხოლოდ აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებდა, 2019 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდებოდა რეგულაცია, რომლითაც, საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებოდათ. მისივე თქმით, უწყება აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციებს ტურიზმის კერძო სექტორთან მართავდა.
თუმცა, მაშინ ინიციატივას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში მომუშავე გიდების მხრიდან და საკითხის გასაპროტესტებლად მათ შესაბამისი პეტიციაც შეიმუშავეს.
ქეთევან მელაძე ამბობს, რომ გიდებისთვის საქმიანობის შეზღუდვას არავინ აპირებს, თუმცა ქვეყნის იმიჯისა და მათივე კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, აუცილებელია, რომ შესაბამისი გადამზადება გაიარონ.
„ჩვენმა ასოციაციამ გადამზადების ეტაპები დიდი ხანია დაიწყო. ამასთან, მიმდინარეობს სერტიფიცირებაც. ჩვენ უკვე გვყავს მსოფლიოს სტანდარტებთ შეფასებული 300-მდე სერტიფიცირებული გიდი. რაც შეეხება სრულიად საქართველოს მასშტაბით სერტიფიცირებას, ჯერ ეს პროცესი დაწყებული არ არის. ეს ალბათ, უნდა მოხდეს ასოციაციაციის და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით, რათა ერთად შევქმნათ ეს სისტემა“,-აცხადებს ქეთევან მელაძე.
მისი თქმით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რეგულაციების თვალსაზრისით საკმაოდ ფრთხილი მიდგომაა საჭირო.
„არასერტიფიცირებული გიდებისთვის საქმიანობის ასე მოულოდნელად აკრძალვა, არასწორია. შეიძლება ვიღაცამ ვერ მოასწოროს კვალიფიკაციის ამაღლება. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა აუკრძალო საქმიანობა გიდს, რომელსაც ამ საქმიანობით პურის ფული შეაქვს სახლში. შესაბამისად, კონკრეტული ვადები ნამდვილად არ არის დაწესებული. სერტიფიცირება მხოლოდ გიდების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ კეთილსინდისიერი გიდები გამოჩნდებიან და საკუთარი სურვილით აიმაღლებენ კვალიფიკაციას“,-აცხადებს ქეთევან მელაძე.
რაც შეეხება უკვე სერტიფიცირებულ გიდებს, როგორც ქეთევან მელაძე აცხადებს, მათ შესახებ ინფორმაცია საქართველოს გიდების ასოციაციის ვებ გვერდზეა განთავსებული.
„უკვე სერტიფიცირებულ გიდებთან დაკავშირება ტურისტულ ორგანიზაციებს, თუ ვიზიტორებს ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით შეუძლიათ. ამიტომ, ეს თვითონ გიდებისთვისაც დასაქმების დამატებითი რესურსია“,- აცხადებს ქეთევან მელაძე.