ნავთობის ფასმა ახალი კვირა წლის მაქსიმუმის განახლებით დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატები ირანული ნავთობის შეზღუდვებზე შეღავათების სრულად მოხსნას გეგმავს. ამას კი, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დარღვევა შეუძლია.
შეერთებულმა შტატებმა ირანისადმი სანქციების განახლების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაზე გამონაკლისი დაუშვა, რადგან მათ ირანის ნავთობზე მყისიერად უარის თქმის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდათ. მაგრამ შეღავათებისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა და მალე ირანისადმი სანქციები სრულად ამოქმედდება.
ბრენტ მრკის ბარელი ნავთობის ფასმა 74.31 დოლარს მიაღწია, რაც ნოემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 65.87 დოლარი გახდა, რაც ოქტომბრის შემდეგ უმაღლესი ფასია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები სწორედ 1-ელ ნოემბერს აამოქმედა. უფრო ადრე, მან აშშ ექვსი წამყვანი ქვეყნის მიერ ირანთან გაფორმებული (2015 წლის) ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა. მაშინვე ვაშინგტონმა ირანული ნავთობის რვა უმსხვილესი მომხმარებლის (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი) მიმართ, ექვსი თვით გამონაკლისები დაუშვა.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ირანისადმი სანქციების სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებით, განცხადებას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს გამოაქვეყნებს. ამას მოჰყვება მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შემცირება, ეს კი ფასის ზრდას განაპირობებს.
ირანული ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლები, ჩინეთი და ინდოეთი არიან, რომლებსაც სურთ, რომ მათ მიმართ სანქციების გამონაკლისი გახანგრძლივდეს. მაგრამ სავარაუდოდ, ასე არ მოხდება. იმავდროულად, საუდის არაბეთი მზადაა, ირანული ნავთობის დანაკლისი შეავსოს. არადა, OPEC-ის მიერ გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა, სწორედ ამ ქვეყნის ინიციატივა იყო.