იმ შემთხვევაში, თუ ირანს ნავთობის ექსპორტისთვის სპარსეთის ყურეს ჩაუკეტავენ, თეირანი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს. ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა, ალირეზ ტანგსირიმ განაცხადა.
როგორც ცნობილია, 2 მაისს იმ ქვეყნებს, რომელთაც ამერიკამ ირანიდან ნავთობის იმპორტზე დროებითი შეღავათები დაუწესა და სასანქციო სიაში არ მოაქცია, ირანული ნავთობის ყიდვის ვადა ეწურებათ. დონალდ ტრამპმა უკვე ოფიციალური ანგარიშის თანახმად, გადაწყვიტა ირანის ნავთობის იმპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე დაშვებული გამონაკლისი აღარ გაახანგრძლივოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი იქამდე გაზრდის ზეწოლას და შემოიღებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, სანამ მას მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვამს.
მიმდინარე მოვლენების ფონზე თეირანი თავდასხმაზე გადავიდა. კვირის დასაწყისში ირანელმა მაღალჩინოსანმა, ალირეზ ტანგსირიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეს დაკეტავს იმ შემთხვევაში თუ ირანს მის გამოყენებას შეუზღუდავენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თეირანი მსგავსი მუქარით გამოდის, ჯერ კიდევ დეკემბერში ირანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ირანის ნავთობის ექსპორტს დაბლოკავდა, სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტირება საერთოდ არ მოხდებოდა.
ცნობისათვის, მსოფლიოს ნავთობის 40%, რომელიც საზღვაო ტანკერებით გადააქვთ, ორმუზის სრუტეზე გადის. ეს სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, რომელსაც ორი სახელმწიფო - ირანი და ომანი ესაზღვრება.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა