სააღდგომოდ გაძვირებულმა პროდუქციამ და ძალიან მაღალმა ფასებმა მომხმარებლები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
გაძვირებულია როგორც საკვები პროდუქტები, ასევე სხვადასხვა მომსახურება, რის გამოც ხალხის დიდ ნაწილს უჭირს სადღესასწაულო ხარჯთან გამკლავება. ეკონომისტები „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ პროდუქტებზე ფასის ზრდა მაღალი მოთხოვნის შედეგია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. გარდა იმისა, რომ ყველა ოჯახში სამზადისია და გაძვირებულ სურსათთან გამკლავება უწევთ, ამას ემატება სხვადასხვა დამატებითი ხარჯი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ქალაქგარეთ გამგზავრება აუცილებელია. ასეთი კი უამრავი ოჯახია. აღდგომა ის დღესასწაულია, როდესაც დიდი ქალაქებიდან მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში მიემართება.
გაზრდილია ბილეთების ღირებულებაც, ხოლო ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, ისინი საწვავის მომატებულ ფასებზე ჩივიან, რადგან ძვირი უჯდებათ ქალაქიდან გასვლა და, სხვა ხარჯთან ერთად, ყველაფრის გაწვდომა ძალიან უჭირთ. ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ცდილობს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხელგაშლილად დახვდეს. პასკა და წითელი კვერცხი ყველა მართლმადიდებელ ოჯახში უნდა იყოს, თუმცა მარტო ეს კმარა. შესაბამისად, როგორი სუფრა იქნება ოჯახში, ეს ოჯახის წევრთა ფინანსურ შესაძლებლობაზეც არის დამოკიდებული.
მართალია, თვალსა და ხელს შუა მომატებულმა ფასებმა ზოგს ყველაფრის ხალისი დაუკარგა, მაგრამ უმეტესობა მაინც ეცდება, სააღდგომო სუფრა განსხვავებული ჰქონდეს. ცხადია, დავინტერესდით, სააღდგომო სუფრა წელს რამდენად გაძვირდება. ყველასათვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ბოლო 2 თვეში სამომხმარებლო ბაზარზე დიდი სიძვირეა.
ამჟამად სოფლის კვერცხი 40-50 თეთრი ღირს, ხოლო ქარხნული კვერცხის მინიმალური ფასი სულ რამდენიმე კვირის წინ თუ 2M0-22 თეთრი იყო, ახლა 26 თეთრზე ნაკლებად მისი ყიდვა შეუძლებელია, მაქსიმალური ფასი კი 38 თეთრს აღწევს. ასევე გაძვირებულია რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტები. დიასახლისებს თავიანთი სუფრის მენიუს შემცირება და უფრო დაბალბიუჯეტიანი არჩევანი უწევთ.
ნინო სახვაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც უამრავ პროდუქტზე უარის თქმა მოუწია სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერი გაძვირებულია.
„ორი კვირით ადრე დავწერე სია და უკვე ნელ-ნელა ვყიდულობ საკვებ პროდუქტებს, რაც კი დამჭირდება სააღდგომოდ. ოჯახში სულ ექვსნი ვართ, შესაბამისად, საკვებიც ბევრი გვჭირდება. გოჭსა და ხბოს ხორცს წელს ვერ ვიყიდი, რადგან მათი ფასი იმდენად მაღალია, რომ ჩემი შემოსავლით ვერ გავუმკლავდები. აქამდე სახლში ვაცხობდი ნამცხვრებს და პასკებს, წელს კი მომიწევს, ორივე შევიძინო მცირე რაოდენობით, რადგან ასე უფრო იაფი დამიჯდება.
ჩემი დის ოჯახი კი დასავლეთ საქართველოში აპირებდა გამგზავრებას, ჩვენი დედ-მამა იქაა დაკრძალული, თუმცა, როგორც ვიცი, საწვავის ფასი გაიზარდა და ის ხარჯი, რაც გზაში უნდა გასწიონ, არ უღირთ. მერე საკვებზე თანხა აღარ რჩებათ და ამიტომ უწევთ თბილისში დარჩენა", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან" ნინო სახვაძემ.
ნებისმიერი სახის ბოსტნეულის ღირებულება ერთი ლარით გაიზარდა. თუ, ვთქვათ, ერთი კილოგრამი ხახვი, ბოლოკი ან ქინძი 3 ლარი ღირდა, წინასააღდგომო დღეებში 4 ლარზე ნაკლებად ვერსად იყიდით. სტაფილო – 2 ლარი, ბადრიჯანი - 4 ლარი, კომბოსტო – 2 ლარი, ხოლო კარტოფილი 1,5 ლარი ღირს.
ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ პროდუქტებზე ფასის მატება, პირველ რიგში, გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, თანაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტია.
„გასაყიდ ფასთან თვითღირებულებას არავითარი კავშირი არ აქვს. ნებისმიერი გამყიდველი ისეთ ფასს ადებს პროდუქტს, როგორც გაეყიდება. თუ ვინმე ღირებულებას ზრდის, ეს ნიშნავს, რომ მან იცის, მოთხოვნა მაინც იქნება და გაეყიდება. საქონელი ძვირდება მაშინ, როდესაც ის ბაზარზე არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ხალხს სჭირდება. თუკი გადახდისუნარიანი მყიდველი მეტია, ვიდრე საქონელი, სწორედ ამ დროს მატულობს მისი ფასი.
გარდა ამისა, არის სხვა შემთხვევაც. როდესაც ბაზარზე ყალიბდება მონოპოლია და იციან, რომ კონკურენტი არ ჰყავთ. ბაზრისთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს კონკურენციას. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ სრულყოფილი კონკურენცია იყოს ქვეყანაში და ამისთვის თანხის გაღებაც არ უნდა ენანებოდეს", - აღნიშნა სიმონიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
გარდა საკვები პროდუქტებისა, ქვეყანაში გაზრდილია მომსახურების ტარიფებიც და რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ კვლავ მატების ტენდენცია აქვს საწვავის ფასსაც. ამ ყველაფერმა კი, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია მომხმარებელზე.
გელა კობეშავიძე ოკრიბის ავტოსადგურზე მუშაობს. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი არ არის გაზრდილი, მაგრამ, სავარაუდოდ, აღდგომას მომუშავე მძღოლები მომსახურებას გააძვირებენ.
„ჯერჯერობით „მარშრუტკებს" ძველ ფასად გადაჰყავთ ხალხი, თუმცა გაზრდილია ტარიფი მინივენის ქირაობაზე. რამდენადაც საწვავის გაძვირება დაიწყო, წინასადღესასწაულო დღეებში ბილეთების ფასიც მოიმატებს", - აცხადებს კობეშავიძე.
მძღოლების თქმით, სტუდენტების გარდა, ჯერჯერობით მათ სხვა სეგმენტი არ ჰყავთ. ბოლო პერიოდში რაიონში გამგზავრებას ხალხი ხარჯის გამო ერიდება და ქალაქში დარჩენას ამჯობინებს.
თეო გუდავაძე
გაზეთი „რეზონანსი"