ვინ ფლობს გარე რეკლამის ბაზარს თბილისში - გადათამაშება ბიზნესში

კონკურენციის სააგენტო თბილისის გარე სარეკლამო ბაზარს შეისწავლის. კერძოდ, სააგენტომ მოკვლევა შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე, დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, თბილისის გარე რეკლამის ბაზარს სწავლობს ქალაქის მთავრობაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „ალმასთან“ გაფორმებული დოკუმენტის სამართლებრივი შესწავლა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობისა და ბაზრის შესწავლის საჭიროებაზე სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. მათ შორის, გასულ წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიში, რომლის თანახმადაც გარე რეკლამის ბაზარი დღეის მდგომარეობით, 2 კომპანიას შორისაა განაწილებული. მათი ცნობით, ორივე კომპანიის უკან ერთი და იგივე პირები დგანან, ამიტომ კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს, ხომ არ ხდება კომპანიების მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ ფლობს გარე რეკლამის ბაზარს დედაქალაქში. აღსანიშნავია, რომ 2009 წლამდე გარერეკლამის ბაზარზე მთავარი მოთამაშე „ალმა +“ იყო. 2009 წელს კი რეკლამის დიდი ნაწილი კომპანია „აუთდორ.ჯი“-ს ხელში გადავიდა. დღეის მდგომარეობით კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2021 წლამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რეკლამის განთავსების უფლება - “აუთდორ.ჯის” აქვს, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - “სმოდ ედვერთაისინგს”.

რეესტრის მიმდინარე წლის 19 აპრილის ამონაწერით, შპს „აუთდორ.ჯის“ ერთ-ერთი მთავარი, 70%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Mega Solutions Holding-ია. მანამდე კი ეს წილი ასევე ოფშორში რეგისტრირებულ Adprojects-ს ეკუთვნოდა.

რაც შეეხება სხვა მფლობელებს, 20%-ს შპს „სამკუთხედი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი 2019 წლის აპრილამდე ასევე „ედპროჯექტსი“ იყო; თუმცა, უკვე 2019 წლის 19 აპრილის ამონაწერით, „სამკუთხედის“ 100%-იან წილსაც ასევე ოფშორში რეგისტრირებული Mega Solutions Holding-ი ფლობს. ამასთან, „აუთდორის“ 10% შპს „ჯეოტეკს“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად რეესტრში შპს „ალმა“ ფიქსირდება.

თავის მხრივ „ალმას“ 100%-იანი წილი შპს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედს“ (Global Investors Limited) ეკუთვნის. თუმცა, როგორც რეესტრის 2019 წლის მარტის ამონაწერშია აღნიშნული, „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“ თავის 100% წილს შპს Meridian Malta LTD-ს სასარგებლოდ ასხვისებს, მაგრამ რეესტრს სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული აქვს.

რაც შეეხება შპს „სმოდ ედვერთაისინგის“, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რეკლამის განთავსების უფლებას 2021 წლამდე ფლობს, რეესტრის 2019 წლის 19 აპრილის ამონაწერის მიხედვით, მისი 100%-იანი წილი ოფშორში (ვირჯინიის კუნძულებზე) რეგისტრირებულ Mega Solutions Holding-ს ეკუთვნის. ცნობისთვის, მანამდე „სმოდის“ მფლობელი ასევე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Milarm International-ი იყო. (შეგახსენებთ, რომ “მილარმის“ დირექტორები დავით იაკობაშვილი და სერგეი ვორონცოვი არიან).

შესაბამისად, გამოდის, რომ ორივე კომპანიას, რომელიც დედაქალაქში რეკლამის განთავსების უფლებას ფლობს, ფაქტობრივად, ერთი მფლობელი ჰყავს. კერძოდ, „აუთდორ.ჯის“ 90% და „სმოდ ედვერთაისინგის“ 100%-იანი წილი Mega Solutions Holding-ს ეკუთვნის.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ „აუთდორ.ჯის“, „სმოდ ედვერთაისინგისა“ და „სამკუთხედს“ ერთი და იგივე დირექტორი - რუსეთის მოქალაქე ზურაბ პერტაია, ჰყავთ.

თაია არდოტელი