ის, რომ დეკემბერში არ შევქმენით საინვესტიციო საბჭო, ნორმალურია. კანონში არ წერია არანაირი ვადები არც საინვესტიციო საბჭოს შექმნაზე და არც ინვესტიციების დაწყებაზე, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სურგულაძე აცხადებს, საინვესტიციო საბჭოს შექმნა დაგვიანებული არ არის.
„რეფორმა და კანონი ითვალისწინებს, რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის, რომ დეკემბერში არ შევქმენით საბჭო ეს ნორმალურია, არც იანვარში გვჭირდებოდა ეს საბჭო ორი მიზეზის გამო. დანაზოგის საერთო მოცულობა უნდა იყოს ისეთი, რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი, 50 მილიონით ნამდვილად ვერ შევქმნით ასეთ პორტფელს, ამიტომ, რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს, როცა გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ რაიმეს ჩამოვრჩით ან რაიმე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ. ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმის მიხედვით. კანონში არ წერია არანაირი ვადები არც საინვესტიციო საბჭოს შექმნაზე და არც ინვესტიციების დაწყებაზე“,- განაცხადა სურგულაძემ.