თქვენ როგორ თვლით, უფრო ლოგიკურია, თუ არა, რომ ჯერ სამუშაო ჩატარებულიყო, რაზეც თქვენ საუბრობთ, რისკების გადაზღვევის მექანიზმი უნდა შევქმნათო და ა.შ. და მერე დაწყებულიყო ფულის აგროვება, ჩემი აზრით - წართმევა ხალხისთვის, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, დაგროვებითი პენსიის შესახებ ჯერ შექმნილიყო რისკების დაზღვევის მექანიზმი და მერე „წაერთმიათ ხალხისთვის ფული“.
„ლოგიკური რა არის, ჯერ შექმნილიყო ეს, თქვენ გარკვეულიყავით, როგორ უნდა მოქმედებდეთ, სად უნდა ჩადოთ ფული, ყველა ამ რისკების სწორი და არასწორი კრიტიკის გათვალისწინებით და მერე წაგერთმიათ ხალხისთვის ფული. ეს ლოგიკურად გეჩვენებათ თქვენ?
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი მოქალაქეების რა რაოდენობამ იცის, რომ ამ სქემიდან გასვლა შეუძლია? ჩემი მონაცემია, რომ ძალიან მცირემ იცის ამის შესახებ. თქვენ როგორ იცით, რამეზე იზრუნა მთავრობამ, რომ გაეგო ხალხს გასვლა რომ შეუძლია? ჩვენ რომ აქ ვიცით, ეს ხომ ერთი საკითხია.
როგორ ფიქრობთ თქვენ, ეს ძალიან გონივრული ხრიკი რომ მოიფიქრეს, ეს ხალხი ჩაითრიეს და 3 თვის მერე შეგიძლია გასვლაო, პირიქით რომ ექნათ, 3 თვეს გაძლევთ შეხვიდეთო, რა არჩევანს გააკეთებდა ხალხი თქვენი აზრით?! და ბოლოს, თქვენ პერსონალურად მომხრე იქნებოდით თუ არა, რომ რეგულირებადი კონკურენტი გყავდეთ, კერძო სტრუქტურის სახით, სადაც ხალხს არჩევანი ექნება, რომ თქვენთან კი არა, იმ ფონდში ჩადონ ფული. ამის მომხრე იქნებოდით?“, - მიმართა ბოკერიამ ლევან სურგულაძემ.
ამ წუთებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე დეპუტატების წინაშე, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდის.