თქვენ მუქთა ფულის სამჭედლო ყოფილხართ კომერციული ბანკებისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს უსმენენ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს საფონდო ბაზარი და შესაბამისად, გაურკვეველი და გაუგებარია სად განთავსდება დანაზოგები, რომელიც თავს საპენსიო სააგენტოში მოიყრის. დეპუტატმა შესაბამისი კითხვით ლევან სურგულაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი თანხები კომერციულ ბანკებში განთავსდება, ამ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო მათთვის ოქროს საბადო იქნება.
„თქვენ წამოეგეთ აჟიოტაჟს, რომელიც შეიძლება ოპოზიციიდანაც იყო წამოსული, რომ გინდა თუ არა ერთი თვე განთავსებული არაა ფული და პროცენტი არ დაგერიცხათ. შეშინებულებმა დაიწყეთ ამის განთავსება, კაცმა არ იცის - სად და მთელი ფული სადღაც მიაყარეთ. ან კომერციულ ბანკებს მიეცით ასე უგუნურად ან ეროვნულ ბანკს. დღეს მთავარი არის ფულის აკუმულირება, დაფიქრებით საფონდო ბაზარზე მისი განთავსება და მთელი პრობლემა ამაში იყო, რომ საქართველოში განთავსების მექანიზმი არ არსებობს. არ არის არც მიწის ბაზარი, არ არის არც კორპორატიული ბაზარი, არ არის არც აქციები. ვის უნდა მისცეთ თქვენ, ორად ორი წყაროა. კომერციულ ბანკებს ან სახაზინო ვალდებულებები უნდა იყიდოთ და დააფინანსოთ ბიუჯეტი. ბიუჯეტის ფული კი როგორც იფლანგება, ეს უკვე სხვა თემაა. ამიტომ იყო მთელი ამ სქემის პრობლემა, რომ აკუმულირებული ფულის მზარდი და ურისკო განთავსების საშუალება არაა საქართველოში. მთავარი კითხვა არის ის, სად აპირებთ დანარჩენი ფულის განთავსებას, როცა ვითარება დამშვიდდება და გაირკვევა, რომ ორადორი წყარო გაქვთ. რომელ სტრუქტურებში, რომელ ბიზნესებში, აპირებთ რაღაცების ყიდვას უძრავი ქონების ბაზარზე?! თუ არა და მაშინ თქვენ მუქთა ფულის სამჭედლო ყოფილხართ კომერციული ბანკებისთვის, რომელიც ძალიან რთულ მაკროეკონომიკურ ვითარებას შექმნის. თქვენ წლის ბოლოს რამდენი გექნებათ, ერთი 600 მილიონი მარტო ამ წელიწადში გექნებათ და ეს არის კომერციული ბანკისთვის ოქროს საბადო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.