საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება

პარალამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უსმენენ, რომელიც დეპუტატებს ანგარიშს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე აბარებს.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციის დასაწყისში მიმოიხილა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, ქვეყანა ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება“ , - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მცირდება ქვეყნის ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.