როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში ისევ?! - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს უსმენენ. დეპუტატმა ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და დაინტერესდა - საწვავზე აქციზის გადასახადის მატებასთან ერთად რატომ არ იზრდება საწვავის ხარისხი. დეპუტატმა მძიმე ეკოლოგიურ ვითარების დამადასტურებელ მაგალითად დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც მოიყვანა.
„დღეს გამოქვეყნდა კვლევა, რომ 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა გაზრდილია, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზიც, ალბათ, საწვავია. მე ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშოა. საწვავზე აქციზის ზრდა რომ მოხდა, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? გამოდის პოლიეთილენი იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში ეკოლოგიის დამაბინძურებელი და საწვავი არაფერ შუაში არ ყოფილა, რადგან ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფერის კონტროლი არ ხდება, მარტო აქციზის ზრდა ხდება და მე კარგად მახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო. მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?!“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.