"მშობლები ვერ იღებენ, ბებიები ვერ იღებენ, დიდი ალბათობით, ჩვენს თაობასაც არ გვექნება კარგი პენსია და ბავშვებს მაინც ჰქონდეთ"

მშობლები ვერ იღებენ, ბებიები ვერ იღებენ, დიდი ალბათობით, ჩვენს თაობასაც არ ექნება კარგი პენსია და ამ ბავშვებს მაინც ჰქონდეთ ეს პენსია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავალდებულობის გარეშე მოქალაქეები დიდი ალბათობით დაგროვებას არ დაიწყებდნენ. ამასთან, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არსებული საპენსიო მოდელის გარდა, არსებობდა ორი ვერსია, რომლებიდანაც ერთი გადასახადების ზრდას გამოიწვევდა და ფისკალურად მძიმე პროექტი იყო, მეორე კი მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სავალდებულობა არ იქნებოდა მასში ასახული.

„სავალდებულო რომ არ გაგვეკეთებინა, არასდროს არ დაგროვდებოდა. ხშირად ამბობენ 23-25 წლის ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც მუშაობს - რატომ უყოფთ ჯიბეში ხელსო და რატომ იღებთ ფულსო. ის ვინც ამას ამბობს, გარანტია უნდა მოგვცეს, რომ ეს 25 წლის ახალგაზრდა, როცა 65 წლის გახდება, არ დააკაკუნებს სახელმწიფოს კარზე და არ მოითხოვს ბიუჯეტიდან პენსიის გაზრდას. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რა მოხდება. ის ნებაყოფლობითში დიდი ალბათობით არ დაზოგავს, მერე მოვა დააკაკუნებს და მოგვიწევს გადასახადების არანორმალურად გაზრდა, გაცილებით მეტად, ვიდრე ის 2%, რომელიც თავისთავად გადასახადია და დადებითი ეფექტი აქვს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საპენსიო ფონდის ერთ-ერთი სამიზნე, სადაც შესაძლებელია დაგროვილი თანხის დაბანდება მოხდეს, დიდი ალბათობით უნდა იყოს ენერგოსექტორიც. ამასთან, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რეფორმა ყველაზე სწორია და ამას ყველა უკლებლივ აღნიშნავს.

„ეს წლების შემდეგ იღებს შედეგს და ოდესმე ხომ უნდა მივიღოთ. მშობლები ვერ იღებენ, ბებიები ვერ იღებენ, ჩვენც დიდი ალბათობით კარგი პენსია არ გვექნება, ჩვენს თაობას ვგულისხმობ და ამ ბავშვებს მაინც ჰქონდეთ ეს პენსია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.