სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით“ გაფართოვდება.
48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, 2019 წლის ზაფხულში, თელავის რაიონ სოფელ კისისხევში გაიხსნება. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, ფართოპანორამული ნომრები ორ საძინებელსა და ერთ მისაღებ ოთახებს მოიცავს. ამასთან, აღნიშნული სასტუმრო რეგიონში გამორჩეული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება განკუთვნილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი დამსვენებლებს სპეციალური ვარჯიშებით მოემსახურება.
„ შუხმან რიალ ისთეით “-ის დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ მინი-გოლფის მოედანზე დაეუფლონ შოტლანდიურ სპორტის სახეობას, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ღვინის დაწურვის, ჭაჭის გამოხდისა და გასტრონომიულ მასტერკლასებში. სასტუმრო, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სათავგადასავლო ტურების მოწყობას, ტრანსფერის ორგანიზებასა და სერვისს გიდის თანხლებით. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, ღია და დახურული აუზები, რესტორანი და ღია ბარი, სადაც საკვები მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტით დამზადდება.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება. დღესდღეობით ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ბალანსზე 20 ნომრიანი სასტუმროა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს.
სახელმწიფო პროგრამის ,, უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, დღეის მონაცემებით, მხარდაჭერილია 82 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 232 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნული სასტუმროები 2500-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2400-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.