მერია ვაჟა-ფშაველაზე, მეტროს შახტის მოწესრიგებას გეგმავს

ვაჟა-ფშაველას 83 ნომრის მიმდებარედ, მეტროს გამნიავებელი 50-ე შახტის რეაბილიტაცია იწყება.

შესაბამისი დავალება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გასცა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შახტის ნაწილი, როგორც ტრანსპორტის გადაადგილებას, ასევე ფეხით მოსიარულეებს ხელს უშლის.

"ვაჟა-ფშაველას 83-ის მიმდებარედ არის მეტროს 50-ე შახტა პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე, რაც მოსაწესრიგებელია. ის შემოღობილია რკინის ჯებირებით და პირდაპირ გზაზეა. ავტომობილებს ავლა უწევთ და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეუძლებელია. ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს საკითხი. როგორც ვიცი, თანხა გამოყოფილი გაქვთ. დაახლოებით, 1 მილიონამდე ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ეს არის მეტროს გამნიავებელი და ისე გავაკეთოთ, რომ ავტომობილების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეთათვის პრობლემა არ იყოს გადაადგილება. ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული კომპანიაც გვყავს და უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოების განხორციელება. მინდა ვუთხრა საბურთალოს მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გზით სარგებლობს, ეს პრობლემა იქნება მოგვარებული. ბევრმა ადამიანმა მომწერა "ფეისბუქზე" ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვახდენთ რეაგირებას და ვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს დედაქალაქს და დედაქალაქის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.