მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ წელსაც განხორციელდება

მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ წელსაც განხორციელდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა და სწორედ ამიტომ, საჭიროა მეტი ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, რომელიც სტუდენტებს გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

როგორც კალაძემ განმარტა, პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ შარშან განხორციელდა და 1000 სტუდენტიდან 80% დასაქმდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სტუდენტებს მიმართა და რეგისტაციის დაწყების თარიღის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, რეგისტრაცია 24 აპრილიდან იწყება და გაგრძელდება 7 მაისის ჩათვლით. კალაძის თქმით, დამატებითი ინფორმაციის გაცნობა პროექტის შესახებ მერიის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

„ქვეყანაში და ასევე თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის დასაქმება და სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ჩვენ შარშან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. ეს არის ხელშეწყობა ახალგაზრდების მიმართ პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან, რა პროფესიებს ითხოვს ბიზნესი ყველაზე მეტად და სად სჭირდება პროფესიონალი, გადამზადებული, კვალიფიციური ადამიანები. შესაბამისად პროექტი, რომელსაც ჰქვია „ისწავლე და დასაქმდი“ შარშან განვახორციელეთ პირველად და წელსაც ვიწყებთ, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ მათი გადამზადება და შემდეგ მივცეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ. 3 თვის განმავლობაში მოხდება გადამზადება“, - განაცხადა კალაძემ.