გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მარტის სტატისტიკაშია ასახული.
კერძოდ, მარტში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა - 6 056 იყო. მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც - 3 730 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 3 185 გასვლით პოლონეთია.
რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც მარტში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: რუმინეთი - 10 გამგზავრება; ბულგარეთი - 102 და ბელგია - 168 გამგზავრება.
სტატისტიკა 16 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ სამ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: რუმინეთი (გაემგზავრა - 10); ლიეტუვა (გაემგზავრა - 501) და ნიდერლანდები (გაემგზავრა - 331).
რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 13 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი - 105 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში უთხრეს. მას მოსდევს კვიპროსი - 39 უარით, მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც მარტში 37 უარი დაფიქსირდა.