იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მანქანების შემთხვევაში, სიჩქარის გადაჭარბებაზე შესაძლოა, კომპანია არ დაჯარიმდეს და სანქციები მძღოლს დაეკისროს

სიჩქარის გადაჭარბებაზე იურიდიული პირებისთვის ჯარიმები გაიზრდება. საუბარია იმ მანქანებზე გამოწერილ ვიდეოჯარიმებზე, რომლებიც კომპანიების მფლობელობაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები, რომელიც სალიზინგო და სხვა კომპანიებს ეხება, შსს-ს უკვე მომზადებული აქვს.

მეორე მხრივ, ლილუაშვილის თქმით, კომპანიას შეუძლია, მომსახურების სააგენტოს იმ მძღოლის მონაცემები მიაწოდოს, რომელიც იურიდიული პირის სახელზე რეგისტირებულ ავტომობილს მართავს. ასეთ შემთხვევაში, მძღოლი ავტომანქანის ფაქტობრივ განმკარგავად ჩაითვლება და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მართვის მოწმობაზე ქულებიც სწორედ მას ჩამოაკლდება.

„სალიზინგო კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოში ან ატვირთონ ელექტრონულად დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, სალიზინგო კომპანიისგან ნაყიდი აქვს ავტომობილი და ამის შემდეგ მომსახურების სააგენტო ბეჭდავს მანქანის ახალ სარეგისტრაციო მოწმობას, სადაც ეთითება ფიზიკური პირის მონაცემები, როგორც ავტომობილის ფაქტობრივი განმკარგველის. ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია რჩება ხელშეკრულების ამოწურვამდე მანქანის მესაკუთრედ, თუმცა ჯარიმა, მათ შორის ვიდეოჯარიმა ეწერება პირს, რომლის მონაცემებიც დატანილია სარეგისტრაციო მოწმობაზე. თუმცა ჩვენ დღესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა ისეთი, რომელიც არაა ატვირთული სალიზინგო კომპანიის მიერ. ამ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრების ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიები ძალიან ხშირად იყენებენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრირება დროში გარკვეულწილად იწელება.

ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ სამართალდარღევების პრევენციის ერთ-ერთი საშუალება სანქციების ზრდაც იქნება.

„როცა იურიდიული პირია ავტომობილის მესაკუთრე, ამ შემთხვევაში ნომინალური სანქცია კონკრეტულ სამართალდარღვევაზე შედარებით მეტი იქნება. ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ასეთ პრეცედენტებს იცნობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინციატივიდან გამომდინარე იურიდიული პირების შემთხვევაში სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის ოდენობა ცოტა მეტი იქნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა ჯარიმის ოდენობა, თუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, არ დაუკონკრეტებია.

„ამაზე უბრალოდ მიზანშეუწონელია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინიციატივა მთავრობაზეც კი არ გასულა. სამინისტროში ჩამოყალიბებულები ვართ, უნდა გავიტანოთ კანონპროექტი მთავრობაზე და იქიდან უნდა წავიდეს შემდეგ პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანომ შეიძლება ეს სანქციები შეგვაცვლევინოს. სანქციები იქნება ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის თანხები, რაც ინიციატივაში დევს, პრევენციული ეფექტის მატარებელია, თუმცა რეალურად არის თუ არა ეს ასე, უშუალოდ პრაქტიკაში გამოჩნდება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.