რომ დავიწყეთ პანკისის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები, ჩავთვალეთ, რომ ყველა კითხვა ამოწურული იყო, - ამის შესახებ კომპანია "ფერის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. აღნიშნული კომპანია აშენებს პანკისში ჰესს „ხადორი 3“.
მისივე თქმით, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველა ჰიდროელექტროსადგურს ეწინააღმდეგება და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
"ჩვენ ვუთხარით მოსახლეობას, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომლისთვისაც ეს არის საზიანო, ამ ჰესს არ ავაშენებთ. მშენებლობის დაწყებამდე დელეგაცია იყო ჩასული მინისტრებით და მათაც გასცეს კითხვებს პასუხი და რომ დავინახეთ აღარ იყო არანაირი კითხვა, მაშინ დავიწყეთ სამუშაოები. საკმაოდ ყურადსაღებია, რომ პანკისში კეთდებოდა განცხადებები, თითქოს ვინმეს მოსახლეობის შევიწროება და გადასახლება უნდა. გარკვეული ჯგუფები საზოგადოების გაღიზიანებას და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ," - განაცხადა "ფერის" დირექტორმა.
იორდანიშვილი განმარტავს, რომ პროტესტიდან გამომდინარე მოსახლეობასთან 13- თვიანი მოლაპარაკებები ჰქონდათ და არაერთ სოციალურ პროექტზე იყო შეთანხმება.
„ჩვენ ასეულობით ოჯახს დავპირდით სოციალურ პროექტებს, მათ შორის სასმელი წყლის პროექტს, ასევე იგეგმებოდა საავტომობილო ხიდის აშენება, ხეობისთვის ფონდის შექმნა, სადაც ყოველწლიურად 120 ათასი ლარი შევიდოდა. პირობა გავეცით, რომ ყველა მაცხოვრებელს მივცემდით იმ ტერიტორიის გამოყენების საშუალებას, გარდა უშუალოდ ჰესის შენობისა. გასული წლის თებერვალში, როდესაც ჰესის მშენებლობა დავიწყეთ და ამას პროტესტი მოჰყვა, შევაჩერეთ სამუშაოები და 13 თვე მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ თითოეულ ოჯახთან,“ - აცხადებს იორდანიშვილი.