კონდიციონერების და მაცივრების იმპორტი გაიზარდა - როგორია ტექნიკის ქართული ბაზარი

საქართველოში კონდიციონერების და მაცივრების იმპორტი გაიზარდა. 2019 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 11 640 ერთეულით მეტი კონდიციონერი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის 3 თვეში, მაცივრების შემთხვევაში კი სხვაობა 3 ათასზე მეტია.

საქართველოში მსხვილი საოჯახო ტექნიკის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსმა“ სტატია დღის პირველ ნახევარში გამოაქვეყნა სათაურით „მსხვილი საოჯახო ტექნიკის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა - როგორია ტექნიკის ქართული ბაზარი“. სტატია დაიწერა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები არ იყო ზუსტი, საქსტატმა ტექნიკური პრობლემის გამო გამოცემას სხვა მაჩვენებლები მოაწოდა. შესაბამისად, ის მონაცემი, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში მსხვილი საოჯახო ტექნიკის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. „ბიზნესპრესნიუსი“ მკითხველს ბოდიშს უხდის, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში მოყვანილი მონაცემები გამოცემის შეცდომა არ იყო.

მოგვიანებით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაკორექტირებული მაჩვენებლები მოგვაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ მსხვილი საოჯახო ტექნიკის იმპორტი გაიზარდა, მაგრამ არა 5-ჯერ, (რაც თავდაპირველ მაჩვენებლებში იყო) არამედ მხოლოდ 3,7%-ით.

2018 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 79 341 ერთეული ტექნიკა შემოვიდა, წელს 3 თვეში კი ამ მაჩვენებელმა 82 345 ცალი შეადგინა, ჯამში 15,2 მლნ დოლარი. ზრდა დაფიქსირდა ძირითადად კონდიციონერებსა და მაცივრებზე, კერძოდ, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 9 001 კონდიციონერის და 7 499 მაცივრის იმპორტი განხორციელდა, 2019 წლის 3 თვეში კი 20 641 კონდიციონერი და 10 532 მაცივარი შემოვიდა.

რაც შეეხება მსხვილი საოჯახო ტექნიკის სხვა სახეობებს, აქ იმპორტი მცირედით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის 3 თვეში 25 366 ტელევიზორის იმპორტი განხორციელდა, წელს 3 თვეში კი 25 133 ერთეულის. 1 492-დან 1 238-მდე შემცირდა ჭურჭლის სარეცხი მანქანების იმპორტი, 18 663-დან 14 844-მდე სარეცხი მანქანების, 17 320-დან 9 957-მდე გაზქურების.

მაცივრების და კონდიციონერების იმპორტის გაზარდა „ბეკომ“. „ტექნიკის იმპორტი ჩვენც გავზარდეთ, რადგან ზაფხულის სეზონისთვის ვემზადებით. აპრილიდან აგვისტომდე არის კონდიციონერებისა და მაცივრების პერიოდი, შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკა დიდი რაოდენობით შემოვიტანეთ. ჯამში, იმპორტის მოცულობა დაახლოებით, 15 %-ით გავზარდეთ.

შარშან გარკვეულწილად, კონდიციონერების დეფიციტი იყო, ამიტომ წელს ყველამ თადარიგი დაიკავა და ცოტა მეტი რაოდენობით შეუკვეთა“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი.

„ბეკოსგან“ განსხვავებით, სხვილი ტექნიკის იმპორტი არ გაუზრდია „ტექნობუმს“. მეტიც, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, საბანკო რეგულაციების გამო გაყიდვები 40-50%-ით შეუმცირდა და შესამაბისად, მოუწია იმპორტის შემცირებაც.

მსხვილი საოჯახო ტექნიკა ციფრებში

საქართველოში ტექნიკის ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად ქვეყანაში დაახლოებით 140 000-ზე მეტი ტელევიზორი, 100 000-ზე მეტი გაზქურა, 100 000-ზე მეტი სარეცხი მანქანა და 50 000-ზე მეტი მაცივარი იყიდება. მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე ნაკლებ პოპულარობით ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარგებლობს, მისი იმპორტი სარეცხი მანქანის იმპორტთან შედარებით თითქმის 10-ჯერ ნაკლებია.

სტატისტიკის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში 11 965 ერთეული ჭურჭლის სარეცხი მანქანის იმპორტი განხორციელდა, სულ 3,3 მლნ დოლარის ღირებულების. იმპორტირებული სარეცხი მანქანების რაოდენობამ კი 104 492 ერთეული შეადგინა, სულ 19,9 მლნ დოლარის ღირებულების.

ამასთან, 2018 წელს საქართველოში 85 619 კონდიციონერის, 116 803 გაზქურის, 51 247 მაცივრის და 142 470 ტელევიზორის იმპორტი განხორციელდა. საერთო ჯამში, 2018 წელს საქართველოში იმპორტირებული ყველა ზემოთჩამოთვლილი ტექნიკის რაოდენობამ 512 626 ერთეული შეადგინა, თანხამ კი 92, 436 მლნ დოლარი.

ელზა წიკლაური