„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ახალ ინიციატივას წარადგენს, სახელწოდებით „ქართველი მეღვინე ქალი“. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურ მდივანთან ერთად ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი გახსნის.
„პრეზენტაციას ბიზნეს სექტორის გარდა, უცხოელი ელჩები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ადგილზე მოეწყობა მონაწილე მეღვინეების პროდუქციის დეგუსტაცია.
საქართველოში ღვინო ნომერ პირველ საექსპორტო პროდუქტად რჩება. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ქართული ღვინო იყიდება საზღვრებს გარეთ და საქართველო აქტიურად იმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიო ბაზარზე. შესაბამისად, ქვეყანაში ღვინის წარმოების მიმართ ინტერესი მზარდია და აღნიშნულ პროცესში ქალთა მონაწილეობა დიდია. „ქართველი მეღვინე ქალი“ მსგავსი ფორმატის პირველი პროექტია საქართველოში. პროექტის მონაწილე მეღვინე ქალები ორიენტირებულნი არიან აწარმოონ ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინო და საექსპორტო მიმართულებები კიდევ უფრო გაზარდონ.
პროექტის პრეზენტაცია 25 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.