ივანე მაჭავარიანი - ხორბლის იმპორტის სამანქანო გზით აკრძალვის საკითხზე ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ

ხორბლის იმპორტის სამანქანო გზით აკრძალვის საკითხზე ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ და რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება - შეჩერდება ეს თუ გაუქმდება, იქნება კონსულტაციით ბიზნესთან,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ამიტომ შეჯერებული პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის.

„მე მაშინაც ვთქვი, რომ კონსულტაციებს გავივლიდით, შევჯერდებოდით. მე მგონი, აქ ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ და რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება , შეჩერდება ეს თუ გაუქმდება , იქნება კონსულტაციით ბიზნესთან. ზოგადად, პრობლემური იყო და მე მგონი, რჩება პრობლემად, რომ ხორბალი ამ გზით შემოდიოდა და შემოდის. ერთი რომ აქ მარაგები არ ხდებოდა, უსაფრთხოების საკითხები იყო, მონიტორინგი ხარისხი გაცილებით გაძნელებულია და რა ტიპის ხორბალი შემოდის, ესეც პრობლემატურია. ამავდროულდ, იყო ცოტა პოლიტიკური თემაც იმიტომ, რომ ეს 100%-ით გვხდიდა რუსეთზე დამოკიდებულს, თუმცა მანამდე, როცა რკინიგზით და გემით შემოდიოდა, ყაზახეთის წილი იყო 40% თუ არ ვცდები. ეს არგუმენტები რჩება, თუმცა ამავდროულად სოციალური ნაწილიც იყო, რის გამოც კაცმა კინაღამ თავი დაიწვა და მარტო ერთ კაცზე არ იყო, ბევრ ადამიანს ეხებოდა. შესაჯერებელია ეს ამბავი და შევაფასებთ ყველა პოტენციურ გვერდით მოვლენებს“,- განაცხადა მინისტრმა.