ივანე მაჭავარიანი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - რა რეაგირებაც გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე ეროვნულმა ბანკმა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა. "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე პროცესებზე მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, პრობლემა არის თუ არა ამოწურული მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით და მინისტრმა, როგორც ყოფილმა ბიზნესმენმა მიიღო თუ არა ყველა კითხვაზე პასუხი, მაჭავარიანი პასუხობს: "მე ვისაუბრე ყველა თემაზე და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. არ ვიცი რა გითხრათ - როგორც ყოფილ ბიზნესმენს მაქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით კითხვები? - არა“.

რაც შეეხება წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნულ ნაწილზე მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება.

"არ ვიცი მართლა, გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს მაგ ნაწილზე რა ხდება, მაგრამ რაზეც მაქვს წარმოდგენა არის ის, რა რეაგირებაც ამაზე გააკეთა ეროვნულმა ბანკმა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ეჭვი არ მეპარება. ეს დასტურდება ყველას მიერ და მე არამგონია, რომ ვინმე მოიძებნება, ვინც ეს გააპროტესტოს",-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.