მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემაში თითოეული მოთამაშის, მათ შორის, რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება გადამწყვეტია, - ამის შესახებ გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა და ექსპერტმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში, ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.
ის დაესწრო მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაციას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართება.
როგორც გოგალაძემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება სისტემაა, რომელიც მოითხოვს მწარმოებლების მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას იმ ნარჩენებზე, რაც წარმოიქმნება მათ მიერ წარმოებული პროდუქტიდან.
„სისტემის საშუალებით ხელი შეეწყობა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, მათ რეციკლირებას, რესურსის რესურსად აღდგენას, ხელახლა გამოყენებას და რაც შეიძლება მცირე რაოდენობის უსაფრთხოდ განთავსებას ნაგავსაყრელებზე. ეს თანამედროვე მიდგომაა, რომელიც კარგად არის აპრობირებული და დანერგილი ევროპისა და არამარტო ევროპის ქვეყნებში და ამის დანერგვა 2019 წლიდან საქართველოშიც. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ საკანონმდებლო აქტების წარმოდგენა, რაც შემუშავდა და ხელს შეუწყობს გარკვეული ნარჩენების, ნაკადების მართვას საქართველოში, რომელიც ექცევა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ. ეს ნაკადებია შესაფუთი ნარჩენები, ნახმარი ნარჩენი ზეთები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, აკუმულატორები და ა.შ.“, - განაცხადა გოგალაძემ.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სისტემა ისე უნდა დაინერგოს, რომ კერძო სექტორის და სახელმწიფოს ინტერესები თანხვედრაში იყოს.
„ბიზნესის ცნობიერება და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ გადამწყვეტია. მათი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია სისტემის დანერგვა. ეს ახალია ყველასთვის და ბუნებრივია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ კითხვები. ეს კითხვები შეიძლება იყოს მომავალშიც. ჩატარდა და აუცილებლად გაგრძელდება ინტენსიური კონსულტაციები, რათა მოხდეს ყველა იმ ინტერესის გათვალისწინება, რომ ერთი მხრივ, ეს იყოს ბიზნესისთვის მისაღები და მეორე მხრივ, სახელმწიფოსთვისაც. ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება კი ჰქვია, თუმცა ამ სისტემაში ძალიან ბევრი მოთამაშეა და თითოეულის დამოკიდებულება გადამწყვეტია, მათ შორის რიგითი მოქალაქეებისა, რადგან თუ მათ არ ექნებათ გაცნობიერებული, რომ ამა თუ იმ ნარჩენის განთავსება ჩვეულებრივ, მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად არ შეიძლება და საზიანოა, მაშინ სისტემა უბრალოდ, არ იმუშავებს“, - აღნიშნა გოგალაძემ.