საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.