გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი არ გაერთიანდება. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები.

როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები.

გერმანიის ხელისუფლება, რომელიც Commerzbank-ში 15%-იან წილს ფლობს, ხელს უწყობდა აღნიშნული შეთანხმების განხორციელებას, იმ იმედით, რომ შეიქმნებოდა ეროვნული ფლაგმანი საბანკო სფეროში, რომელიც ექსპორტზე ორინეტირებული გერმანული ეკონომიკის დაფინანსებას მოახდენდა.

აღსანიშნავია, რომ შერწმის შესახებ მოლაპარკებების დაწყებაზე კომპანიებმა პირველად 17 მარტს გამოაცხადეს. ამ ორი ბანკის გაერთიანება გამოიწვევდა ევროპის მასშტაბით მეოთხე უმსხვილესი ბანკის წარმოქმნას.

ცნობისათვის, შერწყმის იდეის გამო ინვესტორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, ხოლო გერმანული პროფკავშირების განცხადებით, აღნიშნული გამოიწვევდა 30,000 სამუშაო ადგილის დაკარგვას. ამასთან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ორმა ბანკმა გაერთიანების სურვილის შესახებ გამოაცხადეს, ბოლოს ასე მოხდა 2016 წელს, თუმცა მაშინაც მოლაპარაკებები ვერ შედგა.

კოკა კვირკველია