კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 316.7 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 316.7 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 26.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.9 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით).

მათივე ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.8 პროცენტით მეტი).

ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის მარტის განმავლობაში 0.5 პროცენტით ანუ 68.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.29 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით).