რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ფიზიკური პირების დაკრედიტებისას პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგები ლარის დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების შეთავაზებები იყო. დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე - „სესხი რეპეტიტორებს“, ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს.
ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითები, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისათვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს.
ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, - წერს გვენეტაძე.