რას ვყიდულობთ ყველაზე დიდი რაოდენობით - ელექტროენერგია უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ათეულშია

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 826 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 150.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 131.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 120.2 მლნ აშშ დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მსუბუქი ავტომობილები და დაფასოებული მედიკამენტები ინაწილებენ, შესაბამისად, 119.1 და 89.4 მლნ დოლარებით.

უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ათეულში მოხვდნენ ასევე: სატელეფონო აპარატები, ელექტროენერგია, ხორბალი და მესლინი, რეზინის პნევმატური სალტეები და ახალი საბურავები და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები.

თაია არდოტელი