კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად არაა შეფასებული, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს პანკისის ხეობაში 4 ჰესის ერთობლივად არსებობას,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა ეთო გვრიტიშვილმა პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის კომენტირებისას განუცხადა.
იურისტის თქმით, პანკისის ხეობაში ახალი ჰესის მშენებლობის პარალელურად შეფასებული არაა, რა ზეგავლენა იქნება ალაზნის ზედა წელსა და მის შენაკადებზე 4 ჰესის ერთობლივად არსებობის შემთხვევაში. მისივე თქმით, ექსპერტები კი მიუთითებენ, რომ შედეგად შესაძლოა, მდინარის ბუნებრივ კალაპოტში წყალი სართოდ აღარ დარჩეს.
„კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად არაა შეფასებული, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს პანკისის ხეობაში 4 ჰესის: „ხადორი 1“, „ხადორი 2“, „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“-ის ერთობლივად არსებობას. ამ ოთხი ჰესის ერთობლივი მუშაობით შესაძლოა, მივიღოთ მოცემულობა, რომ მდინარის მთელი რესურსები ჰესების მიერ იქნას გამოყენებული და მდინარის ბუნებრივ კალაპოტში წყალი აღარ დარჩეს“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ სასმელი წყალია ერთ-ერთი საკითხი, რაც „ხადორი 3“-თან დაკავშირებით მოსახლებას ყველაზე მეტად აწუხებს, რამდენადაც 4 კილომეტრის მანძილზე ალაზნის 90% მილებში მოექცევა.
იურისტი სასამართლო დავებზეც საუბრობს, რომელსაც EMS ადგილობრივი მოსახლეობის სახელით აწარმოებს. დავა სწორედ იმ ჰესებს - „ხადორი 3“-ს და „სამყურისწყალი 2“-ს ეხება, რომელთა მშენებლობასაც პანკისში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, ორივე ჰესის ინვესტორი კომპანია კი, შპს „ფერი“ და მისი შვილობილი „ალაზანი ენერჯი“ არიან.
„EMS ადგილობრივი მოსახლეობის სახელით 4 სასამართლო დავას აწარმოებს პანკისში დაგეგმილ ორ ჰესთან „ხადორი 3“-თან და „სამყურისწყალი 2“-თან დაკავშირებით. დავები გასული წლის ზაფხულში დავიწყეთ, თუმცა ჯერჯერობით არსებითი განხილვა არ მომხდარა და ჭიანურდება ეს პროცესები. ამასთან, სასამართლო არ ითვალისწინებს ჩვენს შუამდგომლობას ჰესის მშენებლობის შეჩერების შესახებ, ამიტომ ფაქტობრივად, სასამართლოში მიმართვას აზრი ეკარგება“, - განმარტავს იურისტი.
კითხვაზე, თუ რატომ გამწვავდა მდგომარეობა პანკისში, მესამე სექტორის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ხეობაში კრიზისული სიტუაცია პროცესში შსს-ს ჩართულობამ განაპირობა.
„პანკისში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მოლაპარაკებებში რატომღაც ჩართული იყო შსს. მოსახლეობის წინააღმდეგობას ჰესების წინააღმდეგ იწვევს ზეწოლა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მეთოდით ახდენს. გარემოს დაცვის სამინისტროს დაპირებიდან გამომდინარე პანკისის მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა. ამის ნაცვლად ადგილობრივებისთვის სრულიად მოულოდნელად, სამშენებლო ტექნიკა და პოლიცია გამოჩნდა, რამაც პანკისში კრიზისული სიტუაცია შექმნა. მსგავსად, სვანეთშიც სპეცრაზმის ჩარევამ გაამწვავა სიტუაცია გასულ წელს, თუმცა როგორც ჩანს, სახელმწიფო საკუთარ გამოცდილებაზეც ვერ სწავლობს. თუ ამგვარი გაუაზრებელი მოქმედებები იქნება სხვა რეგიონებში, იგივე სიტუაცია შეიქმნება“, - აცხადებს იურისტი.
ავტორი: მარიამ ტიტვინიძე