ფრაიბურგში, ევროპის პოლიტიკის ცენტრის (CEP) მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ გერმანია წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელმაც, ჯერჯერობით, ყველაზე დიდი სარგებელი ნახა ევროს შემოღებით. რაც შეეხება იტალიასა და საფრანგეთს, ამ ქვეყნებმა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში კეთილდღეობის თვალსაზრისით დაღმასვლა განიცადა, - წერს DW.
ევროპის პოლიტიკის ცენტრის (CEP) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1999 წელსა და 2017 წლებს შორის პერიოდში, ევროს შემოღების შედეგად, გერმანიამ თითქმის 1.9 ტრილიონი ევროს (2.1 ტრილიონი დოლარის) მოცულობის მოგება ნახა.
ფრაიბურგში დაფუძნებული ექსპერტთა აღნიშნული ჯგუფი „Stiftung Ordnungspolitik“-ის ნაწილს წარმოადგენს და მისი საქმიანობის სფეროში შედის ევროკავშირის პოლიტიკის შესწავლა და შეფასება.
მკვლევარებმა - ალესანდრო გასპაროტიმ და მატიას კულასმა გამოაქვეყნეს საკუთარი კვლევა „20 წელი ევროსთან ერთად: ვინ დარჩა მოგებული და ვინ წაგებული“, რომელიც იმის შესაფასებლად, თუ რომელმა ქვეყნებმა ნახა სარგებელი ევროს შემოღებით და რომელი ქვეყნები დაზარალდა, იყენებს „სინთეზური კონტროლის მეთოდს“.
მათი კვლევის შედეგების თანახმად, გერმანია და ნიდერლანდები წარმოადგენს ორად ორ ქვეყანას, რომლებმაც დიდი სარგებელი ნახა ევროს შემოღებით. გერმანიაში, ორი ათწლეულის განმავლობაში, ახალი ვალუტის შემოღებამ, ერთ სულ მოსახლეზე დამატებით 23 000 ევროს დაგროვება გამოიწვია.
საბერძნეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც დიდი მოგება ნახა ევროს შემოღების საწყის ეტაპზე, თუმცა ასევე დიდი დანაკარგი განიცადა 2011 წლიდან მოყოლებული.
გერმანიის ტრილიონევროიან მოგებასთან შედარებით, საბერძნეთის მოგება მოკრძალებულია და მხოლოდ 2 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ერთ სულ მოსახლეზე დამატებით 190 ევროს გულისხმობს, ევროს არსებობის 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში.
გერმანიისა და ნიდერლანდების გარდა, ევროზონის ყველა ქვეყნაში კეთილდღეობის შემცირება დაფიქსირდა.
საფრანგეთს ამგვარი დაღმასვლა 3.6 ტრილიონი ევრო, ხოლო იტალიას - 4.3 ტრილიონი ევრო დაუჯდა, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით შეადგენს დანაკლისს, რომელიც საფრანგეთის შემთხვევაში უტოლდება 56 000 ევროს, ხოლო იტალიის შემთხვევაში - 74 000 ევროს.
რთული კონკურენცია
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კეთილდღეობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს საერთაშორისო კონკურენცია.
ვიდრე ევროს შემოიღებდნენ, ქვეყნებს შეეძლოთ საკუთარი ვალუტის გაუფასურება - დევალვაცია, მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ექსპორტის გაიაფების მიზნით.
აღნიშნულის შედეგად, ეს ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებდა, და ეს მეთოდი ასევე წარმოადგენდა ინსტრუმენტს, რომელიც ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემის დაძლევაში ეხმარებოდა.
მკვლევარების - ალესანდრო გასპაროტისა და მატიას კულასის განცხადებით, „ევროზონის ქვეყნების წინააღმდეგობრივი კონკურენტუნარიანობა კვლავ პრობლემად რჩება“.
„ამჟამად, საბერძნეთის და იტალიის ძირითადი პრობლემების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ისინი საკუთარი ვალუტის დევალვაციის შესაძლებლობას არიან მოკლებული“.
ევროს შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ქვეყნების მთავრობებს აღარ აქვთ საშუალება მსოფლიო ბაზარზე არსებულ სიტუაციას მოარგონ საკუთარი ვალუტა.
მოამზადეს - მარიამ შავლიაშვილმა, მეგი სუხაშვილმა, მარიამ მაჭარაშვილმა