ახალი სამსახურის ძიება კიდევ ერთ მთლიან განაკვეთზე მუშაობის დაწყების ტოლფასია.
როგორ აპირებთ ახალი სამსახურის მოძებნას, თუ თქვენ უკვე მუშაობთ? თქვენს ამჟამინდელ სამსახურში, დიდი ალბათობით, ახალი სამსახურს ძიების საშუალება ნაკლებად გექნებათ, რადგან დამსაქმებელს შეუძლია კომპანიის მოწყობილობების საშუალებით თქვენ საქმიანობას ადევნოს თვალი, - აღნიშნულია CNN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
მაგრამ რეალობა ის არის, რომ ადამიანები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მათგანიც კი, მაინც ხშირად იქცევა ასე.
„ZipRecruiter“-ის მონაცემებით, სამსახურის მაძიებელთა უმრავლესობა, სამუშაოს კვირის დღეებში, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე პერიოდში ეძებს. სამუშაო ადგილების ონლაინ ბაზარზე, აღნიშნული ქმედება კულმინაციას შუადღის 1-დან 2 საათამდე აღწევს და, როგორც აღმოჩნდა, სამშაბათი ყველაზე პოპულარული დღეა სამსახურის ძიებისათვის.
სასიხარულო ამბავი გახლავთ ის, რომ ამჟამად თავად სამუშაოს მაძიებელთა ბაზარი სამუშაოს ძიების პროცესს ბევრად უფრო სწრაფს ხდის. მიჰყევით ქვევით მოცემულ ინსტრუქციებს და სამუშაოს ძიების პროცესი უფრო ეფექტური გახდება.
საზღვრების დაწესება
სამსახურის ძიება შესაძლოა, თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს, ამგვარად უმჯობესი იქნება თუ ამ საქმიანობისათვის კონკრეტულ დროს გამოყოფთ.
„ვაკანსიის ძებისათვის დროის გრაფიკი შეადგინეთ, რომელშიც განსაზღვრული იქნება ძიების დაწყებისა და დასრულების დრო, ამგვარად პროცესი უსასრულოდ არ მოგეჩვენებათ“, განაცხადა „Monster-ის“ შრომის ბაზრისა და დასაქმების ექსპერტმა, ვიკი სალემმა. სხვა დღეებში გამოყავით დრო იმისათვის, რომ განაცხადი შეიტანოთ სამსახურის თაობაზე, განაახლოთ თქვენი რეზუმე ან დაგეგმოთ ონლაინ კავშირების დამყარების თარიღი.
გაამარტივეთ ძებნის პროცესი, სხვადასხვა სამუშაოს საძიებელი საიტებიდან შეტყობინებების გამოწერის მეშვეობით, რაც საშუალებას მოგცემთ ადვილად იპოვოთ სამსახური, რომელიც თქვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამგვარად, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენთვის შესაფერისი ვაკანსიის შესახებ, რომელიც პირდაპირ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნება, რითაც ვაკანსიის ინტერნეტში ძიებაზე დროს აღარ დაკარგავთ.
დაგეგმეთ ინტერვიუ თქვენთვის ხელსაყრელი სტრატეგიის გამოყენებით
სამუშაო დღის მანძილზე, სამუშაოდან დათხოვნა იმისათვის, რომ ინტერვიუ გაიაროთ მომავალ დამსაქმებელთან, არ იქნება მომგებიანი, არც არსებული და არც მომავალი სამსახურისთვის, შესაბამისად, შეეცადეთ ინტერვიუ თქვენს გეგმებს მოარგოთ.
„დამსაქმებლები არ არიან განებივრებული შესაფერისი კადრებით“ - განაცხადა იან სიგელმა, „ZipRecruiter“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ასე რომ, თუ მათ თქვენ კანდიდატთა სიიდან უკვე შეგარჩიეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დათანხმდებიან ინტერვიუ თქვენ მიერ შერჩეულ დროს დანიშნონ“.
ინტერვიუს დაგეგმვა ადრე დილით, ან სამუშაო დღის ბოლოს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ მოწყდეთ იმ სამუშაოს, რომელსაც თქვენ უკვე ასრულებთ, და ეს თავიდან აგაცილებთ მიზეზებისა და ალიბების ძიების უხერხულობას, რომლითაც თქვენ მოგიწევთ თავი იმართლოთ ამჟამინდელი სამსახურის ხელმძღვანელობასთან, იმის გამო, თუ რატომ გადიხართ სამუშაო ადგილიდან სამუშაო საათების დროს.
გარდა ამისა, სამუშაო დღის ბოლოს იმ სამუშაო ადგილისათვის თვალის გადავლება, სადაც მუშაობის დაწყებას გეგმავთ, დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ კომპანიის კულტურასა და იმაში, თუ რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ახალი სამსახური, სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის თვალსაზრისით.
თუმცა, ზოგჯერ იძულებული ხართ ინტერვიუ სამუშაო საათებში გაიაროთ. ამ შემთხვევაში, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ რაიმე მნიშვნელოვან შეხვედრას არ აცდენთ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში, გვირჩევს ჯოან მელი, დასაქმებისა და კარიერის სპეციალისტი.
ამავე დროს, ეცადეთ თავის გასამართლებლად მარტივი მიზეზები მოიფიქროთ. „არ არის აუცილებელი დეტალურად აუხსნათ ხელმძღვანელს, თუ რატომ გიწევთ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლა“, - გვირჩევს სალემი. „შეეცადეთ თქვათ რაღაც მსგავსი: რაღაც მაქვს მოსაგვარებელი, ცოტა ხანში დავბრუნდები, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება, შემატყობინეთ“.
იმ შემთხვევაში, თუ სახლიდან გაუსვლელად მუშაობთ და თანაც კვირაში სულ რამდენიმე დღე, სცადეთ ინტერვიუ თქვენს სამუშაო დღეებსა და საათებს არ დაამთხვიოთ.
თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინტერვიუ რამდენიმე ეტაპად უნდა გაიმართოს, ჰკითხეთ ახალ დამსაქმებელს თუ არის შესაძლებელი ყველა ეტაპის ერთ დღეს გავლა, და სამსახურიდან ერთი დღით დაეთხოვეთ. „გამოიყენეთ ამისთვის ის გამოსასვლელი დღეები, რომლებიც სამუშაოდან გეკუთვნით, რათა არ დაზარალდეთ," გვირჩევს სიგელი.
ეცადეთ კიდევ უფრო ხარისხიანად შეასრულოთ ის სამუშაო, რომელიც ამჟამად გაქვთ
შესაძლოა ახალი სამუშაოს ძიებამ თქვენს ცხოვრებას გარკვეულწილად დაძაბულობა და სტრესი შემატოს, თუმცა ეს არ უნდა აისახოს თქვენს ამჟამინდელ სამუშაოზე.
„ეცადეთ ჩვეულებრივზე უკეთ შეასრულოთ ის სამუშაო, რომელსაც ამჟამად გაქვთ,“ განაცხადა სიგელმა. „როდესაც ხელმძღვანელობას მიმართავთ და აუწყებთ მათ, რომ სამსახურს ტოვებთ, უკეთ იგრძნობთ თავს, თუ მათ შეატყობთ, რომ ნანობენ თქვენი სახით ასეთ კარგ თანამშრომელს რომ უშვებენ ხელიდან“.
თუ სამუშაოს კარგად ასრულებთ და ამის შესახებ ხელმძღვანელობაც არის საქმის კურსში, შესაძლებელია ეს თქვენთვის მომგებიანი ომის დასაწყისად იქცეს. "ერთადერთი გზა, რომელიც თქვენ დაგანახებთ თუ რაოდენ ღირებული ხართ, და საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ამ სიტუაციაში მოხდეს, არის შემდეგი - თქვენი დამსაქმებელი გეუბნებათ: „რა შეიძლება შემოგთავაზოთ იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენთან მუშაობა გააგრძელოთ?“ - აცხადებს სიგელი.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
შესაძლებელია შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ თქვენს გარშემო ყველამ იცის, რომ ახალ სამუშაოს ეძებთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ რეაგირებთ და როგორ ართმევთ თავს შექმნილ ვითარებას.
„ადამიანებს იმაზე უფრო ხშირად აწუხებთ ილუზიები, ვიდრე საჭიროა“ - აცხადებს მელი. თუ ვინმე გკითხავთ, რატომ გარბიხართ წამდაუწუმ ოთახიდან ტელეფონზე სასაუბროდ, ეს უმჯობესია ჩვეულებრივად მიიღოთ.
„შეეცადეთ, დაარწმუნოთ საკუთარი თავიც და სხვებიც, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება“ - გვირჩევს იგი. უპასუხეთ მათ, რომ პირად სატელეფონო ზარზე უნდა გეპასუხათ, ან ოთახში ხმაური იყო და იმიტომ დატოვეთ ოთახი, რათა გესაუბრათ ტელეფონზე.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი უფროსი პირდაპირ გკითხავთ, ახალ სამუშაოს ხომ არ ეძებთო, ამაში არაფერია ცუდი. შეეცადეთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და გაესაუბროთ მას ხელფასის მომატებასთან, დაწინაურებასთან, რესურსებზე გაზრდილ წვდომასთან ან დამატებითი პროფესიული მომზადების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„დასაქმებულებს გადაჭარბებული შიშები აწუხებთ დამსაქმებელთა განაწყენებასთან დაკავშირებით და ჰგონიათ ამით ერთგვარ სასჯელს დაიმსახურებენ“ - აცხადებს სიგელი. „თუ დამსაქმებელი შეიტყობს იმის შესახებ, რომ სამუშაო პირობებით არც თუ ისე კმაყოფილი ხართ, ეს გაძლევთ შესაძლებლობას გაესაუბროთ მას ამასთან დაკავშირებით“.
ნურავის გაუმჟღავნებთ თქვენს გეგმებს
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამუშაოს ძიება გარკვეულ სტრესს გმატებთ, ნუ განუცხადებთ კოლეგებს იმის თაობაზე, რომ სამსახურის შეცვლას აპირებთ.
„არავინ იცის როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამსახურში“ - გვაფრთხილებს მარკ სენედელა, „Ladders“-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი. „სამუშაო ადგილზე ჭორები ადვილად ვრცელდება“.
შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, თუ თქვენს კოლეგას თქვენ გეგმას გაანდობთ, სამუშაოდან წასვლის შესახებ, და შემდეგ დაწინაურებას მიიღებთ.
„შეუძლებელია მათში უარყოფითი განცდა არ აღძრას იმ ფაქტმა, რომ თქვენ სამსახურიდან წასვლას აპირებდით და ამ დროს დაგაწინაურეს“, - აცხადებს სალემი.
მოამზადეს - ეკატერინე ბიწკინაშვილმა, მარი მასიუკოვამ, ანა ნებიერიძემ, სოფო გორდელაძემ