ავტოიმპორტი კვლავ მცირდება.
ბაზარზე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი იყო, კლების შეუქცევადი ტენდენციაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ქვეყნის შიგნით გაყიდვის შემცირებაზე საუბრობს თითქმის ყველა ავტოიმპორტიორი. მიზეზი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, საბანკო და საავტომობილო სფეროში გატარებული რეგულაციაა.
2019 წლის პირველ 2 თვეში ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა. მიზეზად იმპორტიორები „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" სისტემის ამოქმედებასა და ახალ საბაჟო კოდექსთან ერთად, სეზონურობასაც მიიჩნევდნენ და ვითარების გამოსწორებას გაზაფხულიდან ელოდნენ. გაზაფხულის ნახევარზე მეტი უკვე მიიწურა, თუმცა ბაზარზე სასიკეთო ტენდენცია ისევ არ ჩანს. იმპორტიორები ამბობენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ სომხეთში მანქანების რეექსპორტია, რომელიც აგვისტოს ბოლომდე იმუშავებს.
იმპორტის შემცირებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ იმპორტიორები. „ჯეიეფაისის" დირექტორი ზვიად ზიზიაშვილი, საბანკო რეგულაციის გარდა, საბაჟო კოდექსთან აიგივებს იმპორტისა და გაყიდვის შემცირებას. მისთვის კოდექსში შესული ცვლილება გაუგებარია, გაურკვევლობა კი ცუდად მოქმედებს ბიზნესზე. შეიძლება ითქვას, პირველი კვარტალის შემდეგ რეალიზაცია მხოლოდ სომხეთის მიმართულებით გაიზარდა.
„შემცირების მიზეზი, საავტომობილო სფეროში მიღებული რეგულციაა, რაც გაუკრვეველ ვითარებას ქმნის და სერიოზულად ამუხრუჭებს ბაზარს. იაპონიიდან შემოყვანილი მანქანების განბაჟების რეგულაცია შეიცვალა და ძალიან შეგვიმცირა როგორც იმპორტი, ასევე შიგა გაყიდვაც.
რეგიონში ავტოიმპორტის ძირითადი მოთამაშე მაინც სომხეთია, რომელიც ევრაზიულ კავშირში შედის. მათ აგვისტომდე ჰქონდათ მიცემული ვადა სტანდარტიზებისათვის, აგვისტოს შემდეგ კი ალბათ სრულად აიკრძალება სომხეთში რეექსპორტი.
ეს რაც შეეხება რეგიონს, ჩვენს ბაზარზე კი ამ მხრივ ცვლილება არ არის. აგვისტოს ბოლომდე კიდევ არა გვიშავს, მერე, შეიძლება ითქვას, ბაზარი მთლიანად გაიყინება", - აღნიშნა ზიზიაშვილმა „რეზონანსთან".
საავტომობილო ბიზნესში არსებულ პრობლემაზე საუბრობს კომპანია „იამოტოს" წარმომადგენელი პაატა მაისურაძეც. მისი თქმით, რეალიზაციის მაჩვენებელი კლებისკენაა და ეს აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ავტომობილს შეეხება.
„იაპონიიდან იმპორტირებული მანქანების გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეუძლებელია, თუმცა გარკვეული რაოდენობა (საექსპორტო) მაინც შემოდის, საჭე გადააქვთ და საქართველოდან სომხეთში გაჰყავთ. რეგულაციის ეფექტი საავტომობილო სფეროს საკმაოდ შეეხო. ის მანქანები, რომლებიც აქტიურად იყიდებოდა, დღეს ინტერესს თითქმის აღარ იწვევს - „ჰიუნდაის", „ფორდის" და სხვა მოდელები, რომელთა რეალიზაციაც ჭირს, მოთხოვნადი კი მხოლოდ ჰიბრიდული ძრავის ავტომობილები დარჩა.
ვერ გეტყვით, რამ შეიძლება გააუმჯობესოს სიტუაცია, ნაწილობრივ ვეთანხმები რეგულაციას, რაც მთავრობამ მიიღო მარჯვენასაჭიანი მანქანების მიმართულებით, თუმცა საკმაოდ ხისტი პოლიტიკაა და, ამ თვალსაზრისით, სწორად არ მიმაჩნია", - აღნიშნა პაატა მაისურაძემ.
ბაზარი არარენტაბელურად მიიჩნია და ამ კუთხით დროებით საქმიანობა შეწყვიტა კომპანია „რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ, ახლა კი კვლავ გეგმავს საქმიანობის განახლებას. მისი ინფორმაციით, გაყიდვის ტენდენცია მზარდია.
„რეგისტრაციის ოდენობას თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ საავტომობილო სფეროში სიტუაცია შედარებით უკეთესობისაკენ მიდის. არ ვიცი, ჯერ დეტალურად არ შემისწავლია, ეს რეექსპორტის დამსახურებაა თუ იმპორტის ხარჯზე ხდება, მაგრამ ასე ჩანს. თავის დროზე საქმიანობა იმიტომ შევაჩერეთ, რომ ბიზნესი არარენტაბელურად მივიჩნიეთ. მგონი, ახლა ეს ტენდენცია სასიკეთოდ იცვლება", - აცხადებს „რეზონანსთან" ჯამაგიძე.
გაყიდვის შემცირების ზოგად ტენდენციას მხოლო ჰიბრიდულმა ავტომობილებმა აუქციეს გვერდი. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა დაახლოებით 55%-ით (9 079-ით) გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში 16 471 ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2018 წელს - 25 550. 2017 წელს, ჯამში, 17 289 ჰიბრიდული და ელექტრომობილი შემოვიდა. ხოლო 2018 წელს – 26 379.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"