მსოფლიო კინოგაქირავებაში ახალი რეკორდი ფიქსირდება - 1,2 მილიარდი დოლარი 3 დღეში

პარასკევს მსოფლიოს კინოთეატრებში „შურისმაძიებლები: დასასრული“ ბლოკბასტერის პრემიერა გაიმართა, ფილმმა სალარო შემოსავლების მხრივ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და საპრემიერო უქმეებზე 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიღო. ამ მონაცემით ფილმმა მოხსნა აქამდე არსებული ყველა რეკორდი, მათ შორის, პარასკევის, შაბათის და კვირის ცალკე აღებული დღეების ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმისა და მილიარდამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ფილმის რეკორდებიც. გლობალურ ბაზარზე წინა რეკორდი - საპრემიერო სამ დღეში 640 მილიონი დოლარის შემოსავლით „შურისმაძიებლების“ მესამე ნაწილმა გასულ წელს დაამყარა, ახლა კი ამ მონაცემს რამდენიმე ასეული მილიონით აჯობა მეოთხე ნაწილმა.

ამერიკის კინოგაქირავებში „შურისმაძიებლების“ ფრანჩიაზას მეოთხე ფილმმა 357 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ამავე ფრანჩიზას შარშანდელ მესამე ნაწილის რეკორდს მთელი 100 მილიონი დოლარით აღემატება. 300 მილიონიანი შემოსავალი დაუფიქსირდა ფილმს ჩინეთის ბაზარზეც. ის პრაქტიკულად ყველგან ერთდროულად უჩვენეს გარდა რუსეთისა, სადაც მისი პრემიერა ამ კვირასაა დაგეგმილი.

„მარველის“ კომიქსების მიხედვით გადაღებული სამსაათიანი ბლოკბასტერი უდიდესი წარმატებით გადის თბილისის კინოთეატრებშიც. მისი პრემიერა კვირას ღამის 12 საათზე IMAX დარბაზში გაიმართა და შემდეგი სეანსები დილის 3 და 7 საათზე მიება, სადაც როგორც ადმინისტრაცია აცხადებს სრული ანშლაგი შედგა ყველა სეანსზე.

„დისნეის“ ეს ფილმი ავტომატურად მოექცა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სათავეში, ახლა რჩება მხოლოდ ერთი კითხვა - შეძლებს ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსის მოპოვებას, რომელსაც უკვე მეათე წელია არავის უთმობს „ავატარი“, რომლის 2,7 მილიარდი დოლარის სალარო შემოსავალი ამ დრომდე მიუღწეველია დანარჩენი ფილმებისთვის.

კოკა კვირკველია