"სტატისტიკას თუ გადახედავთ, ყველა ლიფტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო კომპანიის იყო. რატომ არ აკონტროლებენ ამ ბიზნესს?"
თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ასევე სხვა დიდი ქალაქების საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილში ლიფტები სავალალო მდგომარეობაშია და ვერა და ვერ ხერხდება მათი შეკეთება-გამოცვლა, არადა, საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად გაცნობიერებული არა აქვს, რა სახიფათოა სარემონტო ან ექსპლუატაციაგასული ლიფტებით სარგებლობა.
საზოგადოებას ემახსოვრება ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე 2017 წლის 24 მარტს დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც 9 წლის მარიამ სოკოლოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მარიამი სადარბაზოში დისშვილთან ერთად თამაშობდა. ბავშვმა მეშვიდე სართულზე ლიფტის ცხაურაში თავი მაშინ შეყო, როცა ლიფტი მოძრაობდა და მისი საპირწონე გოგონას თავში მოხვდა.
შვილმკვდარი დედა, ადვოკატი დიანა მარტიაშვილი, ორი წლის განმავლობაში იბრძოდა, რომ დამნაშავე გამოვლენილიყო - გულგრილობის ბრალდებით დაკავებულ შპს "ვერტიკალი 777"-ის სპეციალურ წარმომადგენელ კარენ არუთინოვს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სწორედ მან გააფორმა ხელშეკრულება კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარესთან, ის იყო პასუხისმგებელი ლიფტის ექსპლუატაციაზე, უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე.
"ყველაზე მძიმე ის არის, რომ ბრალდებული არ ინანიებს დანაშაულს"
- ჩემი ხელით ვაგროვებდი მტკიცებულებებს. მოსამართლემ განაჩენის გამოცხადების შემდგომ პირდაპირ მიუთითა, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
ეს არუთინოვების ოჯახური ბიზნესია. როგორც დაკითხვაზე თქვეს, ფუნქციები განაწილებული არ ჰქონიათ, ამიტომ ვითხოვ სხვებიც დაისაჯონ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ბრალდებული არ ინანიებს დანაშაულს.
პროცესზე დაჰკითხეს კორპუსის მობინადრენიც. მათ მიუთითეს, რომ ათი წლის განმავლობაში სთხოვდნენ ამხანაგობის თავმჯდომარეს, შეეკეთებინათ ლიფტის ბადე. ამიტომაც ამხანაგობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. კომპანია მისი დაქირავებული იყო და უსაფრთხოების დაცვა მას უნდა მოეთხოვა. ჩემი შვილი არ გაცოცხლდება, მაგრამ პრეცედენტი რომ შეიქმნა, კარგია.
განაჩენის გამოცხადების მერე ბრალდებულის დედამ მომაძახა, გიხაროდეს ჩემი ცრემლებიო. მისი შვილი ციხეში წავიდა, მე კი ანგელოზი შვილი აღარ მყავს. ტრაგედიის შემდეგ რომ მოსულიყვნენ, სამძიმარი მაინც ეთქვათ, მათ თვალებში სინანული დამენახა, არ მოვითხოვდი მათ დასჯას. დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩა და ეს ბრძოლად ღირდა.
4 თვის გადმოსულები ვიყავით საცხოვრებლად ამ კორპუსში. არც ვიცოდით, ლიფტი, ფაქტობრივად, გახსნილი რომ იყო. ერთხელ ჩამწყდარა და ბადე მაშინ გარღვეულა. რა თქმა უნდა, შეკეთება არავის უცდია. მაშინ ერთი მობინადრე სასწაულით გადარჩენილა სიკვდილს. ამხელა ტრაგედია დატრიალდა და ამ შპს-ს სხვა კორპუსების ლიფტები, რომელთაც ემსახურება, არ შეუმოწმებია. არუთინოვი კიდევ ერთ საქმეშია ბრალდებული. შარშან ლილოს დასახლებაში მამაკაცმა გამოიძახა ლიფტი, კარი გაიღო, მაგრამ თურმე კაბინა ზემოთ არ ასულა და მამაკაცი შახტში ჩავარდა. გადარჩა, თუმცა დაშავდა.
მეორე ფინანსური საკითხია. სად მიდის ლიფტის ყუთებში ჩაყრილი მობინადრეების ფული? არც ერთი თეთრი არ შედის ბიუჯეტში, საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, წელიწადში 2 მილიონ-ნახევარი ამოდის ამ ყუთებიდან, თითოდან 250-300 ლარი თვეში. წარმოიდგინეთ, რა თანხებზეა ლაპარაკი. რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები?
სტატისტიკას თუ გადახედავთ, ყველა ლიფტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო კომპანიის იყო. რატომ არ აკონტროლებენ ამ ბიზნესს, ვინ არის მისი "კრიშა"? თუნდაც ამ ერთი კომპანიის ფინანსური საკითხები რომ გამერკვია, იხდიდა თუ არა რამეს ბიუჯეტში, შემოსავლების სამსახურს მივმართე და დღემდე პასუხი არ მიმიღია, მეუბნებიან, მესამე პირი ხარო.
"ლიფტების 90% უკონტროლოა, მხოლოდ 10% კონტროლდება"
გიორგი კობახიძე, შპს "საქართველოს ლიფტების კომპანიის სერვისის" დირექტორი: - კერძო ლიფტიორს 200-300 ლიფტი აქვს და გამორიცხულია მისი შემოწმება ფიზიკურად შეძლოს. არადა, საფრთხე ექმნება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მათი ლიფტებით სარგებლობს. ლიფტების 90% უკონტროლოა, მხოლოდ 10% კონტროლდება.
ლიფტის ჩამოვარდნა თვითმფრინავის ჩამოვარდნას უტოლდება, ადამიანს გადარჩენის შანსი თითქმის არა აქვს. ამიტომ ლიფტებს სპეციალისტები უნდა ემსახურებოდნენ.
ხშირად ამხანაგობის თავმჯდომარეები თვითონ იჯიბავენ ფულს, ან გარიგებული არიან კერძო პირთან და იყოფენ ფულს, ნაცვლად იმისა, ლიფტებზე იზრუნონ. გამოსავალი ერთია: მობინადრეებმა უნდა მიმართონ მხოლოდ კვალიფიციურ კომპანიას, რომელსაც აქვს სერტიფიკატი და პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე.
"ყველას ლიფტის შემოწმებას ჩვენი რესურსი ვერ გასწვდება"
რატი ობოლაძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე: - იმ ტრაგედიის შემდეგ ისეთი ლიფტებიც შევამოწმეთ, რომელთაც ბადე აქვს. ჩვენ ყველა ფაქტზე ვრეაგირებთ, მთავარია, ინფორმაცია მოგვაწოდონ. მოსახლეობა არ აქტიურობს, იშვიათად რეკავენ, არ ითხოვენ შემოწმებას. ლიფტის მფლობელები უმეტესად თავად მობინადრეები, ამხანაგობის წევრები არიან და თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ვაჯარიმებთ. სულ 17000-მდე ლიფტია, ყველას ვერ შევამოწმებთ, ამას ჩვენი რესურსი ვერ გასწვდება. ამიტომ შემოწმება შემოსულ სიგნალებზეა დამოკიდებული.
- ძირითადად, რა დაზიანებები გხვდებათ?- ხშირად დარღვეულია ლიფტისა და გადმოსხდომის ბაქნების გათანაბრება, ელექტროსისტემა, იყო შემთხვევები, როცა სიჩქარე დადგენილზე მაღალი იყო. ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია ცხელ ხაზზე.
"მომართვიანობის გარეშე ჩვენ შემოწმების უფლება არა გვაქვს"
ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელსაც ლიფტებისა და სხვა საშიში ობიექტების უსაფრთხოების გამოვლენა ევალება "სიეი ინთერნეიშენალია".
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე მატა შველიძე:- კანონით პერიოდული ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. უმეტესად მოგვმართავენ იურიდიული კომპანიები, სასტუმროები... ამხანაგობები და ძველი კორპუსების მობინადრენი, რომელთა ლიფტები სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, არ მოგვმართავენ.
- რა ჯდება მომსახურება?
- 200-დან 500 ლარამდე, გააჩნია ლიფტის ამწეობას, სართულების რაოდენობას... ეს არ არის იმხელა თანხა, რომ 3 წელიწადში ერთხელ ვერ გადაიხადონ. მომართვიანობის გარეშე ჩვენ შემოწმების უფლება არა გვაქვს. ბოლო ერთ წელიწადში 1200 ობიექტი შევამოწმეთ მთელ საქართველოში, ძირითადად, ახალაშენებული კორპუსები.
"ერთი ჭანჭიკის არასწორად ჩახრახვნით შეიძლება უმძიმესი შედეგი მივიღოთ"
ალექსანდრე ტარიელაშვილი, "სიეი ინთერნეიშენალის" ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილე: - მოსახლეობის ცნობიერება ძალიან დაბალია. იციან, სახიფათოა, მაგრამ მაინც შედიან უვარგის ლიფტში. ვაჟა-ფშაველას ზედა კვარტალებსა და დიღმის მასივის კორპუსებში არის ისეთი ლიფტები, რომლებიც 1958 წელს არის გამოშვებული. იმდენად ძველია, კომპანიები, რომლებსაც მათი მომსახურება ევალებათ, არც აქცევენ ყურადღებას. ყოველთვის მოიძებნება ყოვლისმცოდნე მობინადრე და ის შეაკეთებს, ან თუ გაფუჭდა, ხელოსანს გამოიძახებენ და მის კომპეტენციას არავინ ამოწმებს, არადა, ერთი ჭანჭიკის არასწორად ჩახრახვნიYთ შეიძლება უმძიმესი შედეგი მივიღოთ. თუკი ხედავთ, რომ თქვენს სადარბაზოში ლიფტი მოსახმარად საშიშია, უნდა მიმართოთ მერიას, შეიტანოთ განაცხადი და დაგეხმარებიან თანადაფინანსებაში. პერიოდულ ინსპექტირებას მინიმუმამდე დაჰყავს რისკი. ამიტომ ამხანაგობის თავმჯდომარეს უნდა მოსთხოვოთ ინსპექტირების ჩატარება. სიტუაცია საგანგაშოა. ისიც არ ვიცით ზუსტად, რამდენი ლიფტია ქვეყანაში. ამის აღნუსხვა დედაქალაქში იოლია - დაავალონ რაიონის გამგეობებს და სრულ სურათს მივიღებთ. თუკი სახელმწიფო სტრუქტურები მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, კარგი იქნება.
წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 29 აპრილის ნომერში ან