სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.
2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტს შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტზე დაფიქსირდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9 პროცენტზე, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.
ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790.9 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3 პროცენტით და 1 932.6 ათასით განისაზღვრა. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
საქსტატის ცნობით, 2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს. 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.