საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვები 0,2%-ით შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 052 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,2 პროცენტით ნაკლები) 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტი).

„საქსტატის“ ცნობით, ნებართვების 71,6 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50 პროცენტი თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი - თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი).