„საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ სფეროში უნდა, რომ ისრაელიდან ინვესტორები მოიზიდოს“, - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ ისრაელიდან შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელში საქართველოს მიმართ განწყობა საკმაოდ დადებითია და საჭიროა ორ ქვეყანას შორის მეტი მუშაობა.
როგორც ცნობილია, საქართველოში ისრაელიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. 2018 წელს ქვეყანაში 4,328 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, რაც თითქმის 9-ჯერ ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ ქვეყანაში ისრაელიდან 37,661 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 2,447 მლნ დოლარი შეადგიან, 2017 წელს კი 6,767 მლნ დოლარი.
„საქართველოში უამრავი პოტენციალია, ისრაელში არის ცოდნა, ფინანსები. საჭიროა, მეტი მუშაობა და მჯერა, რომ შესაძლოა, დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელიც იყო 10 წლის წინ და ისრაელი კვლავ საქართველოს მოწინავე პარტნიორი გახდეს," - განაცხადა იციკ მოშემ.
მან ასევე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარებას ინვესტორები მუშაობის პარალელურად ცდილობენ.
„რა თქმა უნდა, გამოწვევების ასეთი დიდი რაოდენობაა ინვესტორების პრობლემაცაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჯერ პრობლემებს მივხედოთ და შემდეგ გავაგრძელოთ ინვესტირება, ვმუშაობთ პარალელურად. დილით შევხვდით ბიზნესობმუდსმენს და სამი ინვესტორის პრობლემა განვიხილეთ. საქმე ეხება მცხეთაში, სადაც რაღაც მონაკვეთებზე მშენებლობა იკრძალებოდა და ახლა ახალი გეგმარება კეთდება, ასევე დიღომსა და თბილისის ზღვაზე მშენებლობასთან დაკავშირებით, ავიღეთ ერთი თვის ვადა ამ საკითხების გადასაჭრელად და მჯერა, რომ გამოსავალს გამოვნახავთ - იქნება ეს მიწის ნაკვეთის შეცვლა თუ სხვა ალტერნატივა, იმისთვის, რომ ინვესტორებმა მუშაობა განაგრძონ. ორი სასტუმრო უკვე შენდება და ნებართვების აღების შემდეგ 3 ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.
ჩვენთვის ბიზნესი მხოლოდ ციფრები არაა. საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ორი მეგობარ ქვეყანას შორის ეკონომიკური ხიდია,"-განაცხადა იციკ მოშემ.
მისივე განმარტებით, საქართველო-ისრაელის რიგით მეოცე ბიზნესფორუმს 100-მდე ისრაელური კომპანია ესწრება, რაც გზავნილია სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში შეიძლება ბიზნესის გაგრძელება. ამასთან, ისრაელის წვლილი ქართულ ეკონომიკაში თითქმით 1 მლრდ დოლარია, საიდანაც ნახევარი კერძო ინვესტიციებზე, ნახევარი კი ტურიზმზე მოდის.