„ქართველების ისრაელში დასაქმების საკითხი მთავრობების პრეროგატივაა“ - რატომ ჭიანურდება ისრაელში სამუშაო ვიზების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

ქართველების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხი მთავრობების პრეროგატივაა - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ ისრაელში ქართველების ლეგალური საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტა მთავრობების მეტ და აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული. „საქართველოს შსს-ს მონაცემების მიხედვით ისრაელიდან საქართველოში მხოლოდ 12%-ს აბრუნებენ. მჯერა, რომ სამუშაო ვიზები ამ პრობლემას მოაგვარებს და ქართველები ისრაელში ყველანაირი გადასახადის გარეშე ჩასვლას და მუშაობას შეძლებენ. ეს როგორც ქართული, ისე ისრაელის მხარისთვის მნიშვნელოვანია. საჭიროა, ორივე მხარის მხრიდან მეტი მუშაობა", - განაცხადა იციკ მოშემ.

საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელში სამუშაო ვიზების მიღების საკითხი უკვე წელიწადზე მეტია განიხილება. იციკ მოშე რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საკითხი 2019 წელს მოგვარდებოდა. თუმცა დღემდე ქართველების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხი ისევ გაურკვეველია. დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აცხადებს, რომ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და დეტალებზეც ამ უწყებას უნდა მივმართოთ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით კი, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად უნდა მუშაობდნენ.

„ეს კომპლექსური პრობლემაა. ადრე სახელდებოდა კვალიფიკაცია და ტექნიკური საკითხები. არადა, დასაქმება კონკრეტული პასუხისმგებლობის თემაა. როდესაც კონცენტრირება არ ხდება და გაშლილია პასუხისმგებლობა, ყოველთვის ნაკლებია შედეგი. შესაძლებლობები გახსნილია, საჭიროა ვკონცენტრირდეთ და გამოვყოთ ის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა, რომელიც ამ საკითხებს მოაგვარებს. ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხადია, ერთად უნდა მუშაობდნენ ამაზე"-განაცხადა კაკულიამ.

ავტორი: მარიამ ტიტივინიძე