ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებამ ნავთობის ფასი გაზარდა

მას შემდეგ, რაც ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა ჯარს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდა და საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ OPEC-ის მიერ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვა გაგრძელდება, ნავთობის ფასი 73 დოლარს კვლავ ასცდა.

ვენესუელა OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წევრია, მაგრამ შეერთებული შტატებისგან სანქციების და ქვეყნის ეკონომიკის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ყოფნის გამო, ნავთობის ექსპორტს თითქმის ვერ ახერხებს.

რაც შეეხება OPEC-ის მიერ მიწოდების შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით პერიოდულად საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა დღეს განაცხადა, რომ OPEC-ის შეზღუდვა სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. არადა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ OPEC-მა მიწოდების შეზღუდვა გააუქმოს, რათა ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდეგ, ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხერხდეს.

საუდის არაბეთმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ბაზარზე ირანული ნავთობის დანაკლისის კომპენსირებას გეგმავს, რაშიც მას არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც დაეხმარება.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 73.08 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა სესიის დახურვის ფასზე 1.4 პროცენტით მეტია. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა კი 64.42 დოლარს მიაღწია (წინა სესიის დახურვის ფასზე 1.45 პროცენტით მეტი).

ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გამო, წინა კვირაში ბრენტ მარკის ნავთობი 75 დოლარამდე გაძვირდა, რაც ექვსი თვის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასეთი გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტი, მილსადენების დაბინძურების გამო შეფერხდა.

დასუსტებული გლობალური ეკონომიკის მიუხედავად, ნავთობის ფასი იანვრის შემდეგ 40 პროცენტით გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც, OPEC-ის და მისი არაწევრი ქვეყნების მიერ მიწოდების შეზღუდვაა.