პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის და არქიტექტურის კომპანიებს პროექტში ჩართვას სთავაზობს

1 მაისს, 16.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, პრეზენტაციაზე პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის გამოცხადდება. მიწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.

ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი - ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი - მიხეილ ხიდურელი წარუძღვებიან.

ღონისძიებაზე ასევე იგეგმება ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.infoპრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები ონლაინ რეგისტრაციის გავლას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. კონკურსში ჩართვა შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. აპლიკაციების მიღება 1 მაისიდან - 1 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება.