ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის ქალაქ დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება

ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის ქალაქ დამამიდან თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა იწყება. მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის შედგა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ATM-2019 ფარგლებში გაიმართა.

დამამი საუდის არაბეთის რიგით მე-3 ქალაქია, საიდანაც 2019 წლის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Flynas ფრენებს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით შეასრულებს, ავიარეისები კვირაში 3-ჯერ განხორციელდება. ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ოპერირება 2018 წლიდან დაიწყო. რეისები რიადიდან კვირაში 4-ჯერ, ხოლო ჯედადან კვირაში 3-ჯერ სრულდება. თბილისის პარალელურად ზაფხულის სეზონზე რიადიდან ბათუმის მიმართულებითაც კვირაში 3-ჯერ ავიარეისები შესრულდება. ამის შესახებ შეთანხმება მარიამ ქვრივიშვილსა და ბანდერ ალმოჰანას შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შედგა.

მარიამ ქვირივშვილმა და ბანდერ ალმოჰანამ სეზონური ავიარეისების პარალელურად რეგულარული ავიარეისების დანიშვნის საკითხიც განიხილეს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ავიაკომპანია Flynas საქართველოში ფრენების მიმართულებით წარმატებული სტარტი აქვს აღებული. Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.

საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.სტატისტიკური მონაცემებით, საუდის არაბეთიდან საქართველოში 2019 წლის 3 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +52.8% შეადგინა.