Marriott-ი სახლების გაქირავების ბიზნესში შედის

კომპანიამ Marriott International-ი, რომელიც სასტუმროების ქსელის მმართველი კომპანიაა, სრულიად ახალი ონლაინ-სერვისი წარადგინა. ეს სერვისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახლის დაქირავების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

როგორც Marriott-ში აზუსტებენ, კომპანიას შეუძლია თანამონაწილეობის მიღება 2000-ზე მეტი სახლის გაქირავების სერვისში შტატების მასშტაბით, ასევე ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. დიდი ალბათობით საუბარია ტურისტული მიზნებისთვის ელიტური სახლების გაქირავებაზე.

სერვისი უკვე ორშაბათიდან ამუშავდება. თავად პროექტი კი 2018 წლიდან ევროპის ქვეყნებში სატესტო რეჟიმში მუშაობდა. კომპანიის სპეციალისტების განცხადებით, დაინერგება ბონუსების სისტემა, რომელიც გავრცელდება როგორც სასტუმროების ქსელზე, ასევე სახლებზეც, რომლებიც კომპანიის მართვის ქვეშაა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Marriott გახდება პირველი მსხვილი სასტუმროების ბიზნესზე სპეციალიზირებული კომპანია, რომელიც კერძო სახლების იჯარის ბიზნესში ერთვება. ამით ის ძალიან გავს Airbnb-ის მომსახურების სერვისს. გამოცემა წერს, რომ ბევრმა კომპანიამ Airbnb კონკურენტად აღიქვა და სწორედ ამან უბიძგა მათ მოეცვათ ბიზნესის ეს სფეროც.

კოკა კვირკველია