ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგური პარკი მნახველებისთვის დღეიდან გაიხსნა.
ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ. საუბარია შეკვეთილთან, წვერმაღალას მთაზე მდებარე დენდროლოგიურ პარკზე, რომლის ტერიტორიაზე გაშენდა კვიპაროსები, გაფართოვდა ბაღში მდებარე პატარა ტბა, დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები.
პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბე, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში „ქართუ ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც აცხადებდა, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული დენდროლოგიური პარკი 2019 წლის გაზაფხულზე გაიხსნებოდა.
ცნობისთვის, ივანიშვილის დაფინანსებით, ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, 60 ჰექტარ ფართობზე ორი სხვადასხვა დენდროლოგიური პარკები კეთდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკვეთილის დენდროპარკში თავს მოიყრის არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი 150-მდე ჯიშის ხე. ჩხეტიანის განცხადებით, შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.