თბილისის მერია მშენებლობებზე ზედამხედველობის გამკაცრებას გეგმავს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიდგომების გამკაცრება აუცილებელია, რათა მშენებლობებზე დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა აუცილებელია, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება,“ - განაცხადა კალაძემ.
მანვე მერის მოადგილეს, მთელი ქალაქის მასშტაბით ე.წ. რეიდების დიდი სიხშირით ჩატარება დაავალა.