„საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს"

საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებენ.

"რადგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევრო 6 დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოგვყავს, ამისთვის აუცილებელია საწვავი. ყველანაირად მომზადებულები უნდა ვიყოთ. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ საწვავის ხარისხის გაკონტროლებაზე. მე მქონდა არაერთხელ საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ საწვავის ხარისხზე დაწესდეს კონტროლი. განსაკუთრებით, დიზელზე, რომელიც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ევრო 5-ზე უნდა ავიყვანოთ ეს ხარისხი. სხვა დაბალი ხარისხის საწვავს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მე ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღებთ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას",- განაცხადა კალაძემ.