დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება გეგმა, თუ რა გაკეთდება კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე და როგორ განვითარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კრწანისის ტყე-პარკს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ მის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყოს.
„დღეს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეუნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად, წარმოადგენს საკმაოდ საინტერესო პროქტს, რომელიც ეხება კრწანისის ტყე-პარკს. კრწანისის ტყე-პარკის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვის. იცით, მწვანე სივრცეები ნაკლები გვაქვს, გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები და რა თქმა უნდა, ასეთი ტერიტორიების ათვისება, გამოყენება არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი იქნება გეგმა, თუ რა გაკეთდება ამ კონკრეტულ ადგილზე და როგორ განვითარდება კრწანისის ტყე-პარკი. პარკს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, უზარმაზარი რესურსი და შესაბამისად თბილისთან ახლოს ეს ტერიტორია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოეწყოს ისეთი სივრცე, ადამიანს სურვილი გაუჩნდეს დასვენების დღეებზე წავიდეს ოჯახთან ერთად, გაერთოს და დაისვენოს მწვანე ულამაზეს სივრცეში ", - განაცხადა კალაძემ.