კობა გვენეტაძე ანაკლიის კონსორციუმის მიერ აქციების ემისიაზე - ვსწავლობთ საკითხს, ფასიანი ქაღალდების გამოშვება მარტივი საკითხი არაა

ვსწავლობთ საკითხს, ფასიანი ქაღალდების გამოშვება არაა მარტივი საკითხი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ აქციების ემისიასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, უკვე მიიღო თუ არა ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება კონსორციუმის მიერ აქციების ემისიასთან დაკავშირებით, გვენეტაძე განმარტავს, რომ “ბევრი საკითხია გასავლელი“.

"ეროვნულმა ბანკმა მიიღო განაცხადი ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივ რეჟიმში, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში გვაქვს ურთიერთობა კონსორციუმთან და ვსწავლობთ საკითხს, რადგანაც ფასიანი ქაღალდები გამოშვება არაა მარტივი. ბევრი საკითხია გასავლელი და ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი ეროვნული ბანკისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეროვნულ ბანკს აქციების ემისიასთან დაკავშირებით აპრილში მიმართა.