თბილისში სტუდენტური ფესტივალი ჩატარდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 7-დან 16 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში სტუდენტური ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 36 უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

კახა კალაძის თქმით, ეს სტუდენტური ზეიმი 10 დღეს გასტანს.

„7-დან 16 მაისის ჩათვლით დედაქალაქში ჩატარდება სტუდენტური ფესტივალი. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ სრუდენტები. ფესტივალისთვის დიღომში მდებარე ოლიმპიური პარკია გამოყოფილი, სადაც მოეწყობა სტუდენტური სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებს და შემოქმედებით ჯგუფებს. ეს იქნება 10-დღიანი სტუდენტური ზეიმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს 36 უნივერსიტეტი და ზოგადად ასეთი პროექტების განხორციელება მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, რომ არა მათი მხარდაჭერა, ვერ მოხერხდებოდა ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება", - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.